01:48 | 2021-04-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჯერ იყო საშინელი გუგუნის ხმა, მერე ამ საზარელ ხმაურს სახლში ნივთების ჭრიალის ხმაც მიჰყვა… – მიწისძვრით გამოწვეული ამბები სამეგრელოდან

ჯერ იყო საშინელი გუგუნის ხმა, მერე ამ საზარელ ხმაურს სახლში ნივთების ჭრიალის ხმაც მიჰყვა… – მიწისძვრით გამოწვეული ამბები სამეგრელოდან

მიწისძვრა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ცოტა ხნის წინ მოხდა საკმაოდ ძლიერი იყო. მართალია, სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორია იყო, მაგრამ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ხობშიც და ზუგდიდშიც.

 

ნგრევის და და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერმა ბიძგებმა ადგილობრივები ძალიან შეაშინა. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა დიდი ხანია არ მომხდარა.

 

“ჯერ იყო საშინელი გუგუნის ხმა, მერე ამ საზარელ ხმაურს სახლში არსებული ნივთების ჭრიალის ხმაც მიჰყვა, ჭაღი ძლიერად ირყეოდა, გაოგნებული აქეთ-იქით ვიყურებოდი, ავეჯმაც რომ ქანაობა დაიწყო, გარეთ გავვარდი, მსგავსი რამ წლებია არ მახსოვს, ძალიან შევშინდით.

 

ყველა მეზობელი გარეთ იყო. სახლში შიშით ახლაც ვერ შევდივართ, განმეორების გვეშინია”, – ამბობს ანაკლიელი ეკა გვილია.

 

მიწისქვეშა ბიძგები ანაკლიის მსგავსად იგრძნეს ზუგდიდშიც, სადაც ბიძგები საკმაოდ ძლიერი იყო.

 

“ისე მოხდა, რომ მიწისძვრის დროს ვბანაობდი და შიშველი ამოვხტი აბაზანიდან, მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და ზანზარებდა ყველაფერი, კედლები ირყეოდა და საშინელი ხმა იყო. დაბნეულობისგან ცალ წინდას დავტაცე ხელი და გარეთ გავიქეცი”,- ამბობს ზუგდიდელი დათო აბაკელია.

 

ცნობისთვის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 00:46 საათზე, ანაკლიასთან და ხობშიც დაფიქსირდა.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X