
პანიკა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის #1 საჯარო სკოლაში.
მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლაში მოჩვენება, ეგრეთწოდებული რეიკი დადის.
ერთ-ერთი მოსწავლე ამბობს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი გამოსახულება, სართულიდან სართულზე, თავისუფლად გადაადგილდება და ეზოში მყოფებს, ფანჯრიდან ესალმება.
მოზარდი აღწერს, რომ რეიკს ქალის ტანსაცმელი აცვია, სწრაფად მოძრაობს და შენობის ჭერში ასვლის შემდეგ უკვალოდ ქრება.
მოჩვენენების არსებობის შესახებ, მოსწავლეებმა სკოლის დირექტორს შეატყობინეს, რომელმაც პოლიციას მიმართა.
თავად დირექტორი, ეჭვობს, რომ ბავშვებს ჯერჯერობით დაუდგენელი, სავარაუდოდ, ფსიქიური პრობლემების მქონე პირი აშინებს.
სოფელ კაბალის სკოლაში, მოსწავლეების მიერ აღწერილ რეიკს პოლიციამ ვერ მიაგნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრაიმტაიმს განუცხადეს, რომ ადგილის დათვალიერებით, ჯერჯერობით, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
“შესაძლოა ვინმე ქალი მართლაც იყო, ბავშვები ეძებდნენ, ვერ ნახეს და შემდეგ ფანტაზია მიაშველეს. მოზარდები ათასგვარ ფილმებს უყურებენ, რამაც შესაძლოა, ასეთი ამბები გამოკვებოს. პოლიცია გააკეთებს თავის საქმეს, მე იმედი მაქვს”- ამბობს ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მანანა ჩიკვაიძე.
რეალურად, აშინებს ვინმე მოზარდებს, თუ ეს მოსწავლეების მიერ შეთხზული სახუმარო ამბავია, სამართალდამცველები გაარკვევენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















