
საპატიო თბილისელის წოდება 13 პირს გადაეცა. მათ შორის არიან მეცნიერები, ექიმები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. მათ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მათ მიმართა და მადლობა გადაუხადა საკუთარი ქალაქისა და საქმის ერთგულებისთვის.
“თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჯილდო გადაეცათ:
რისმაგ გორდეზიანი – ფილოლოგი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
აკაკი ნადარეიშვილი – ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
ირაკლი ფავლენიშვილი – ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
რამაზ ყურაშვილი – ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
დავით კვაჭაძე – ფოტოგრაფი, მოკრივე;
ლილი კინწურაშვილი – თბილისის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსის მთავარი სპეციალისტი;
ელგუჯა ბურდული – მსახიობი;
პაატა კერვალიშვილი – ფიზიკოსი;
ინგა ჯიბუტი – ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი;
ბადრი ქუთათელაძე – მწერალი;
გრიშა ჩიგოგიძე – პიონერფილმის ხელმძღვანელი;
დავით მუსხელიშვილი – ისტორიკოსი;
გივი ღამბაშიძე – ზეინკალი.
ეს ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც საპატიო თბილისელების გამოსავლენად თბილისის მერია ბოლო წლების განმავლობაში იყენებს.


























