
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობას გეგმავს.
კახა კალაძის თქმით, სარეკრეაციო სივრცის პროექტირების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1 თვეში გვექნება სრული პროექტი და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ის მოახდენს უკვე სამუშაოების წარმოებას“, – განაცხადა მერმა.
პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე გაჩნდება მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონებით დატვირთული საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ-პარკი, გადმოსახედი ბაქანი და საპიკნიკე სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც.























