
„ამ ეტაპზე, კახეთში პაციენტებისგან დაცლილი ოთხი საავადმყოფო, ახალი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებულებს, მხოლოდ მიიღებს და ვირუსის დადასტურებამდე მოემსახურება“,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, საავადმყოფოები პაციენტებს მიიღებენ, თუმცა, ნებართვა, მათი ადგილზე მკურნალობის შესახებ, გაცემული არ არის.
„საეჭვო პაციენტები საავადმყოფოში მოთავსდებიან და ანალიზი კვლევისათვის გაიგზავნება თბილისში. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, გადაწყდება, სად გაგრძელდეს პაციენტის მკურნალობა. ეს კეთდება იმისათვის, რომ მოქალაქეებმა არ იმოძრაონ ზედმეტად, რაც ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე, მკურნალობის ნებართვა არ აქვს არცერთ საავადმყოფოს. ამას სამინისტრო გადაწყვეტს, ვის რა შეუძლია“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ინფორმაციას ადასტურებს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილიც.
„ჩვენ ინფექციური განყოფილება საერთოდ არ გვაქვს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვამზადებთ ბოქსირებულ პალატებს და მივიღებთ საეჭვო პაციენტებს. იქნება მხოლოდ გადამისამართება, მკურნალობაზე ლაპარაკი ზედმეტია“,- განაცხადა საჩიშვილმა.
კახეთში პაციენტების მისაღებად, სამი მუნიციპალიტეტის, ოთხი საავადმყოფო ემზადება. სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებისგან დაცლილია, ბოქსირებული განყოფილებები და საკარანტინო ზონები მომზადებულია.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოებში სულ ხუთი ინფექციონისტი მუშაობს.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 79-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















