
კახეთის შესასვლელებში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი დამონტაჟდა.
სამხედრო ექიმები თერმოსკრინინგს ვაზიანი – გომბორისა და ახმეტა- თიანეთის მიმართულების გზებზე მოძრავ მოქალაქეებს ჩაუტარებენ.
მთავრობის მიერ დაწესებული დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს თავდაცვისა და საპოლიციო ძალები გაუწევენ.
კახეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ახალი პუნქტები, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა .
„ის პუნქტები, რომლებიც თელავში იყო განთავსებული, მოსახლეობის მხოლოდ ოცი პროცენტის შემოწმებას ახერხებდა. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პუნქტები რეგიონის შესასვლელებში განთავსდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი 31 მარტს თელავის შესასვლელებში დამონტაჟდა. გუშინ პუნქტები გაუქმდა და დღეიდან ისინი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან და სასადილოსთან განთავსდა.
- საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი : ხათუნა გულიაშვილი






















