12:14 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაჰყავთ

კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაჰყავთ

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, კახეთში საავადმყოფოების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა მიმდინარეობს. რეგიონის ოთხი საავადმყოფო შესაძლო დაინფიცირებულების მისაღებად, ბოქსირებულ განყოფილებებს ამზადებს.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაცით, რეგიონი მზადყოფნაშია.

 

„ოთხი საავადმყოფოდან გაჰყავთ სხვა პაციენტები, მიმდინარეობს ბოქსირებული განყოფილებების მზადება, გვაქვს ტრენინგები მედპერსონალთან. დღევანდელი მდგომარეობით, ვირუსის შემთხვევა რეგიონში არ გვაქვს“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით კახეთის ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საკარანტინო სივრცეში, 528 მოქალაქეა მოთავსებული.

 

თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, რეგიონის მასშტაბით 463 -ია. ხოლო 18-ს მეთვალყურეობის ვალდებულება უკვე მოეხსნა. 3 პირი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით, თბილისში საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

 

გუშინ კახეთიდან მაღალი ტემპერატურის გამო თბილისში სამი პაციენტი გადაიყვანეს.

 

მანამდე ინფექციურ საავადმყოფოში გურჯაანიდან 2 თვის ჩვილი გადმოიყვანეს, რომელსაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 

 

ასევე, კახეთში ეპიდემიოლოგები ადგენენ მარნეულთან კონტაქტებს. 

 

25 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 10 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

მანამდე, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

                                                                        ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X