
ანრი ჯოხაძემ დედის სიმღერაზე “დაბრუნდი”, რამდენიმე წლის წინ, კლიპი გადაიღო. თუმცა, როგორც ამბობს, გარკვეული მიზეზების გამო, გადაღებული მასალა თაროზე შემოდო. ვიდეორგოლი მამას მიუძღვნა. როგორც მომღერალი გვიყვება, მამა საპატიმროში გაიცნო, პატარა ასაკში.
კლიპში პატარა ანრის როლს გიორგი ყიფშიძის შვილი, ალექსანდრე ყიფშიძე ასრულებს. ეს პატარა ყიფშიძის სადებიუტო ნამუშევარია. ანრის მამის როლს თავად გიორგი ყიფშიძე ასრულებს, დედის როლს კი ნანკა კალატოზიშვილი.
ამ მუსიკალურ მინიფილმში კახი კავსაძის მონაწილეობა ძალზედ სიმბოლურია. კახიმ და მისმა ძმამ მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრეს მამასთან ერთად. დათაშკა კავსაძე წავიდა ომში, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.

მას შემდეგ კახის ორჯერ ჰყავდა ნანახი მამა, ორჯერვე ციხეში. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ. ცხოვრების მანძილზე, კახის, უცხოეთში, არაერთხელ შეხვედრია ადამიანი, რომელსაც უთქვამს, მე ნაცისტურ ბანაკს დათაშკამ გადამარჩინაო…
ანრის კლიპში კახი მომღერლის ბაბუის როლშია. ეს არის ლეგენდარული მსახიობის უკანასკნელი გამოჩენა დიდ ეკრანზე…

ანრი ჯოხაძე: – დედამ, რუსუდან ჩხაიძემ ეს სიმღერა მაშინ დაწერა, როდესაც მამა დაიჭირეს. ბავშვობიდან ფრაგმენტებად მახსოვს, როგორ მიგვიყვანა ბაბუამ მე, დედა და ჩემი და-ძმა მამის სანახავად საპატიმროში.
ასე ვყვები ამ კლიპით მარტო, მამის გარეშე დარჩენილი ოჯახის ამბავს. მაყურებელი ჩემი ბავშვობის ამ მტკივნეულ ეპიზოდს იხილავს.

კახი ბაბუაჩემის როლს ასრულებს, რომელმაც მამის სანახავად პირველად მიგვაცილა საპატიმროსთან. რთული ეპიზოდი იყო გადასაღებად. მახსოვს, იმ დღეს, როდესაც რეალურად მივაკითხეთ მამას ციხეში, წვიმდა… მინდოდა ეს ეპიზოდი ზუსტად ისევე გამეცოცხლებინა. შუა შემოდგომა იყო და ისედაც ცუდი ამინდები იდგა. ბატონმა კახიმ ამ უამინდობას და წვიმას, ისე გმირულად გაუძლო, ერთი სიტყვა არ დასცდენია, რომ ან შესცივდა, ან რაიმე დისკომფორტი ჰქონდა.
მთელი გადამღები ჯგუფი ძალიან ვნერვიულობდით, ის კი ბოლომდე მხნედ თამაშობდა… ისე გაართვა თავი… ზე პროფესიონალი რომ არის, აქ ჩემგან ამაზე საუბარი, უხერხულიც კი არის.

ვამაყობ, რომ მისი უკანასკნელი გამოჩენა დიდ ეკრანზე სწორედ ჩემს კლიპს უკავშირდება.
პირველად ვერიკო ტურაშვილის კლიპში გადავიღე სხვა ლეგენდებთან ერთად. მას შემდეგ დავმეგობრდით და მისი დათანხმება არც გამძნელებია. ის უკვე ძალიან მენდობოდა და მე დღეს ამით ძალიან ამაყი ვარ.
მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს კლიპი მალე იხილოს მაყურებელმა.






















