
მადლობა შსს-ს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნას და საქმეში ბრალდებული პირის დაკავებას.
მისი თქმით, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს. მადლობა შსს-ს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება“, – აცხადებს კახა კალაძე.
ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვი ბრალს დღეს წარუდგენენ. 33 წლის კაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.
ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ნახეთ სხვა სტატიები























