
მარნეულში კორონავირუსის გამო, გამოცხადებული კარანტინის შედეგად, ადგილობრივ მეურნეებს, სოფლის პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მეურნე ამბობს, გასაყიდად გამზადებული ბოსტნეული გაფუჭების პირასაა.
ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დაგვეხმაროს,თუმცა დრო არ იცდის, რაც გვაქვს ამას რეალიზაცია სჭირდება,თუ დროულად არ გავიტანთ გასაყიდად, მთელი ნაშრომი გაგვიფუჭდება
„პრაიმტაიმი“ სოფლის მეურნეობის სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსს დაუკავშირდა. გერონტი სივსივაძე აღნიშნავს, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც მუნიციპალიტეტში შემოსვლა და პროდუქტების გატანა შეუძლიათ.
,,ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ მარნეულში არის ეს პროდუქტი და დაინტერესებული კომპანიები გაიტანენ სარეალიზაციოდ. მხოლოდ შემოსულ პირებს შეუძლიათ უკან გასვლა და ბოსტნეულის გატანა” – აღნიშნავს გერონტი სივსივაძე.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ ადგილობრივ მეურნეებს თუ პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვთ, მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ, სადაც ამ კუთხით მომუშავე კომისიებია შექმნილი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეურნეებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრს მიმართონ.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















