
გურჯაანში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალგაზრდას კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გურჯაანის ცენტრის ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, კონტაქტების მოძიება ახლაც მიმდინარეობს.
„ეს ახალგაზრდა, 17 მარტს, მხოლოდ იმ ოჯახში ჩამოვიდა, სადაც გასვენება იყო, იქ იმყოფებოდა 12 პირი. სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. ამ პირების ვინაობა უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ არანაირი სიმპტომი ჯერჯერობით არ აღენიშნებათ.
ახალგაზრდა გურჯაანში სხვაგან არ ყოფილა. ამ კუთხით მუშაობას და კონტაქტების დადგენას ვაგრძელებთ“,- განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრის გასვენებაზე ჩავიდა და თბილისში დაბრუნდა, 30 მარტს კი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















