
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა მედცენტრის დირექტორი, მედე ქაჯაია ამბობს, რომ პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება.
პაციენტთან ამ დროისთვის ძირითადად ქირურგები და ნევროლოგები მუშაობენ.
„თუ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, ვგეგმავთ, ხვალ გადავიყვანოთ განყოფილებაში, მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი, იმიტომ, რომ ცვლილებებს, რომელიც კიდურშია, ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდება, დანარჩენი დროის ფაქტორია“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.























