
კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამიისტრო ავრცელებს.
მას, სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მოკლულის დედა ხათუნა რაზმაძე ამბობს, რომ რძლის დაკავება მისი მოთხოვნაც იყო.
„დღეს დილას დააკავეს დაფარვის და შეუტყობინებლობის მუხლით. ამას ვითხოვდი პირველივე წუთიდან, სხვა არაფერი მომითხოვია.
კიდევ უნდა ვიბრძოლო, რომ სასტიკად დაისაჯოს ქალი, რომელმაც 2 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გვერდით ოთახში მამა, რომელიც გიჟი მამა იყო შვილების, მოკლა და მერე მე მიჩივის, რომ თურმე შვილები შევუშინე“, – ამბობს ხათუნა რაზმაძე.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის მამაკაცის მკვლელობა 14 მარტს მოხდა და პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავა, თუმცა ნოდარ ღუნაშვილის ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებისგან ობიექტურ გამოძიებას და როგორც თავად ამბობდნენ, მკვლელობის მთავარი ფიგურანტის, გარდაცვლილის მეუღლის დაკავებას ითხოვდნენ.
მათი თქმით, ნოდარ ღუნაშვილის მეუღლე მკვლელობის დღეს სახლში იმყოფებოდა და მის მკვლელად სწორედ მას ასახელებდნენ.






















