12:33 | 2021-08-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კატასტროფა საბერძნეთში – ხანძარმა 6 ქალაქი გაანადგურა (ფოტოები)

კატასტროფა საბერძნეთში – ხანძარმა 6 ქალაქი გაანადგურა (ფოტოები)

რა ხდება საბერძნეთში, როგორია ხანძრით გამოწვეული მდგომარეობა და რა ვითარებაში იმყოფებიან ტურისტები  – ამ კითხვებს realnoevremy-ს სტატია პასუხობს.

 

საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ხანძარმა მოიცვა, რომელიც ათენის მახლობლად მდებარე საკურორტო ქალაქებში სწრაფად გავრცელდა და 2 დღის წინ 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რუსი ტურისტები იქ მოგზაურობას მაინც აგრძელებენ.

 

რუსეთში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში მოგზაურობაზე მოთხოვნა არ შემცირებულა. ტურისტები უპირატესობას კრეტასა და როდოსის კუნძულებზე დასვენებას ანიჭებენ.

 

საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს

 

საბერძნეთში მიმდინარე კვირა ეროვნული ტრაგედიით დაიწყო – ათენისა და კორინთის მახლობლად მდებარე საკურორტო ქალაქები ტყის ხანძრებმა მოიცვა, რასაც ხელი 40 გრადუსიანმა სიცხემ და ძლიერმა ქარმა შეუწყო. ცეცხლი ათენიდან კორინთოს ექვს დასახლებაში გაჩნდა.

 

ხანძარი ატიკას რეგიონში

 

ხანძარი ეროვნულ კატასტროფად სწრაფად გადაიქცა – ადამიანები და ცხოველები ზღვისკენ გარბოდნენ. მაშველებმა მოსახლეობა ვერტმფრენებითა და ნავებით გამოიყვანეს. ხანძრის ჩაქრობაში 600-ზე მეტი ადამიანი და დაახლოებით 300 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

 

ყველამ ვერ მოახერხა სწრაფად გავრცელებული ცეცხლისგან თავის დაღწევა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 77 ადამიანი, მათ შორის – ბავშვები. მათი უმეტესობა ადგილობრივია, მაგრამ არიან ტურისტებიც. წინასწარი მონაცემებით, ისინი პოლონეთის მოქალაქეები არიან. დაზარალებულთა რაოდენობაა 187 ადამიანს აღწევს, მათ შორის 23 ბავშვია.

 

ათენის მახლობლად ქალაქი მატი თითქმის მთლიანად დაიწვა

 

საბერძნეთმა საკუთარი ძალებით თავი ვერ გაართვა ამ უბედურების აცილებას, ამიტომ დახმარება ევროპაში ითხოვა. ესპანეთმა მას SOS სიგნალით უპასუხა და ორი სახანძრო თვითმფრინავის გაგზავნა შესთავაზა. თუმცა საბერძნეთმა ამ შეთავაზებებით არ ისარგებლა.

 

ქალაქი მატი

 

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სპიროს გეორგიუმ ამის შესახებ სააგენტო TASS- თან საუბარში აღნიშნა, რომ ხანძართან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა და დახმარების საჭიროება გაქრა.

 

გუშინ, საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა ​სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

 

 

ნახანძრალი კორინთო

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის რუსები არ არიან. მიუხედავად ამისა, ატიკის რეგიონში რუსეთიდან დაახლოებით 2,000  ტურისტი იმყოფება. მათგან არცერთს არ უსარგებლია ფედერალური სააგენტოს ცხელი ხაზით, ამიტომ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

 

ტუროპერატორის Muzenidis Travel-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ცანდეკიდისმა ​რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციას (ATOR) განუცხადა, რომ დღეს საბერძნეთის კურორტებზე დაახლოებით 60,000 რუსი ტურისტი ისვენებს.

 

ეთნიკური ყაზახი ჟურნალისტი და ბლოგერი ლია იგამბერდიევა ბოლო 7 წელია, რაც ათენში ცხოვრობს. ჟურნალისტმა “რეალნოე ვრემიას” განუცხადა, რომ წუხელ ძლიერ ქარს ათენში ფერფლი მიჰქონდა. რაც შეეხება დაზარალებულ ცხოველებს, ჯოჯოხეთურმა ცეცხლმა, რომელიც ​ ატიკის საცხოვრებელ უბნებში გაჩნდა, შინაური და გარეული ცხოველებიც დააზარალა. ამიტომ,  ვეტერინარული ჯგუფები მოხალისეებთან ერთად კუს, ძაღლებს, მელიებს, კატებს და ფრინველებს დამწვარ ადგილებში ეძებენ “, – ამბობს ის.

 

ათენელები მსხვერპლთა დასახმარებლად 

 

თავად ათენელების ცხოვრების წესი არ შეცვლილა! სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელებული ინფორმაციის გამო, დაზარალებულებისთვის დახმარების უამრავი ლოკაცია გამოცხადდა – აგროვებდნენ მედიკამენტებს, ხანგრძლივი შენახვის კვების პროდუქტებს, საფენებს, წყალს.

 

ხანძრით დაზარალებულთა დახმარების კერა

 

ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა არ ყოფილა, ყველამ ორგანიზება სწრაფად მოახერხა და იმუშავა ერთი მექანიზმის სახით! დღეს ხელისუფლება ითხოვს მოხალისეებს, რათა დაეხმარონ კატასტროფის ზონაში “, – ამბობს ლია იგამბერდიევა.

 

მას ჰყავს 16 ათასი გამომწერი ინსტაგრამზე და მედია პლატფორმის საშუალებით ის ყვება სად და რა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ დაზარალებულებისთვის. განსაკუთრებით რუსულენოვანი ტურისტებისთვის, ჟურნალისტმა და ბლოგერმა ინფორმაციის თარგმნა რუსულად დაიწყო, რადგან მათ საბერძნეთში მოგზაურობა არ აშინებთ და არ იცოდნენ, რომ იქ დასვენება უსაფრთხო არაა.

 

საბერძნეთის მხარდამჭერი ფლეშმობი ინსტაგრამზე მოეწყო. 20 ათასზე მეტი პოსტია განთავსებული ჰეშთეგით #prayforgreece.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნული საფეხბურთო კლუბი PAOK დაჰპირდა ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, რომ მატერიალურ დახმარებას გაუწევს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X