
ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება – ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს, რამდენად დიდია ვაქცინის სარგებელი და უფრო მეტად ინტენსიურად ჩაერთვება ამ პროცესში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი დაძალების, ვინაიდან, ეს არის ადამიანის არჩევანი და მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ამიტომ მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად, რომ მოსახლეობას ვაქცინების ფართო არჩევანი ჰქონდეს. ამის გამო ჩვენ საერთაშორისო კოლეგებისგან მივიღეთ საყვედურიც კი, ვინაიდან, სხვა ქვეყნებში მოსახლეობას არჩევანის საშუალება არ აქვს, ვაქცინა არის ვაქცინა. გამომდინარე ქართველი საზოგადოების კულტურიდან და გენეტიკიდან, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი – ვცდილობთ, ფართო მენიუ შევთავაზოთ ვაქცინების კომპონენტში. ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ.
ყველაფერი კეთდება – ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა. ეს პროცესი ვითარდება, დადებითი დინამიკაა. უბრალოდ, საჭიროა მოთმინება, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე. დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს და ის ვადები, როდესაც უნდა გვყავდეს აცრილი საზოგადოების 60%, იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ საზოგადოებაში მცდარი მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ბიზნესსექტორს ავცრით, ქვეყანაში ტურისტი შემოვა.
„ამას ასე არ ვუყურებთ. ჩვენთვის უპირველესია საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების აცრა, ვისაც ვირუსი ყველაზე მეტად ემუქრება. მოქალაქეებში, რომლებიც 60-70 წელს ზემოთ არიან, ლეტალობა არის 7-9%. დაბალ ასაკში ეს ლეტალობა იკლებს, თუმცა, არსებობს გავრცელების რისკები. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პრიორიტეტი რჩება მოწყვლადი ჯგუფები, თუმცა, როგორც დაინახეთ, ჩვენ გუშინ ახალგაზრდებსაც მივეცით საშუალება დაიწყონ აქტიურობა და აიცრან მათთვის სასურველი ვაქცინით. რაც შეეხება კონკრეტული სექტორის გამოყოფას და ვაქცინაციის ჩატარებას, ეს არის გარკვეული დაძალების ხერხი, რომელიც არ არის მისაღები. ასევე არ გვაქვს მოლოდინი, რომ თუ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო ვიტყვით, კი ბატონო, აცერით ტურიზმის სექტორი, ეს დამყოლობა გაიზრდება. ალბათ საჭირო გახდება გარკვეული იძულების წესების გამოყენება. ჩვენ კი ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეები ამისგან უნდა დავიცვათ და შევეცადოთ ნებაყოფლობით, გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებით დავარწმუნოთ ადამიანები ვაქცინაციის უსაფრთხოებაში და მის სარგებელში“, – განაცხადა ტიკარაძემ.























