23:32 | 2021-12-03 ავტორი:

კეფაში მირტყამდნენ, რომ არ დამმჩნეოდა – რას ჰყვება პირი, რომელიც ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს

კეფაში მირტყამდნენ, რომ არ დამმჩნეოდა – რას ჰყვება  პირი, რომელიც ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს

პირველ დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, სოფელ კაბასთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯანელიძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ჯანელიძე ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. მისი გამოკითხვა შსს-ს შიდა ქართლის სამმართველოში მიმდინარეობს.

 

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მალხაზ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ მას რამდენჯერმე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

„დამაკავეს კაბასთან. რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და სამკურნალოდ. გადავძვერი ღობეზე. ცხინვალში ტყის გავლით, ფეხით ჩავედი. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი, მერე მესაზღვრეებმა გადამიყვანეს. პოლიციამ და მესაზღვრეებმა მცემეს. ჯერ ჯავაში, რომ დამაკავეს, მანქანაში მცემეს, შემდეგ ცხინვალში. მეუბნებოდნენ, რატომ გადმოხვედიო. კეფაში მირტყამდნენ, რომ არ დამმჩნეოდა. სასამართლო არ ყოფილა, არც ჯარიმა გადამიხდია“, – განაცხადა მალხაზ ჯანელიძემ.

 

ჯანელიძეზე ფიზიკური ზეწოლის შესახებ მოკვლევა ევროკავშირის „ცხელი ხაზით“ მიმდინარეობს. მას ჩაუტარდება ექსპერტიზაც.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

ავტორი:

X