
მას შემდეგ, რაც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში იმის შესახებ მოჰყვა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა, ქალთა მიმართ ძალადობის თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა და ძალადობის მსხვერპლმა ქალებმაც თავისი ამბები გაიხსენეს.
ერთ-ერთი გოგონა „პრაიმტაიმს“ ინკოგნიტოდ უყვება საკუთარ თავგადასავალს:
„სულ პირველად რომ იარაღი დამადო შუბლზე, თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ვერ მხედავდა, გუგები ისე ჰქონდა შეცვლილი – მთლიანად თეთრი იყო… ყელზე ხელს მიჭერდა, თან იარაღის ლულას შუბლზე მაჭერდა და ყურთან კბილებიდან მესისინებოდა – რატომ მიყვარხარ ასე, შენი… მახსოვს, მზერა 3 თვის ანაზე გადავიტანე და გავიფიქრე: – ალბათ დედაჩემი გაზრდის… მაშინ მისმა ძმაკაცმა შემოგვისწრო და გადამარჩინა. ქეჩოში ჩაავლო ხელი, ეზოში გაათრია და დანარჩენებს უთხრა, რაც ხდებოდა. ყველა ერთად ურტყამდა… მუხლებში ჩავუვარდი, – არ მოკლათ-მეთქი. მეც არ ვიცი რატომ, არა და, მძულდა მთელი არსებით.
სულ პირველად, ორსულს დამადო ხელი, ოღონდ ისე, რომ არ დამმჩნეოდა – სახეში ორი გაშლილი ხელის გული მომხვდა, ყურებთან ახლოს. რამდენიმე დღე წუილის ხმა მესმოდა. დავმალე. ჩემებთან ვცხოვრობდით და მეშინოდა, მამაჩემს არ შემოჰკვდომოდა.
დილაობით დედაჩემი დგებოდა და – დედა, რას შეჭამო? – ეკითხებოდა. წუნია ბიჭი გვყავდა, არაფერი იცოდნენ…
უნივერსიტეტიდან საბუთები გამომატანინა, არადა იდეაში სასეირნოდ დამპატიჟა, სკვერში მბურღა, მემუქრებოდა და მეც მეშინოდა, რომ იქ მოვარდებოდა და სკანდალს მოაწყობდა. დავნებდი, უბედნიერესი იყო.
პირველად სექსუალურად რომ იძალადა, ჩვენი ქორწილის ღამე იყო. მე, 4 თვის ორსულს, ქორწილი არ მინდოდა და არც განწყობა მქონდა. მერჩივნა, იმ ფულით ბინა დაეგირავებინათ და ქირით არ გვევლო აქეთ-იქით. იმ ღამეს დამსაჯა, პირზე ხელი ამაფარა და რომ „მორჩა“ – ახლა მოხვალ ხასიათზეო, – გადაბრუნდა და დაიძინა.
უბრალოდ, ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და ყველაფერი სულ ერთი იყო…
რამდენიმე დღეში მამამთილმაც მაგინა, – რატომ გავაპროტესტე ქორწილში ნაჩუქარი ფულის ტოტალიზატორში წაგებაო… მახსოვს, სულ ერთი იყო მისი გინებაც, შეურაცხყოფილი ვიყავი მაგრამ მაინც სულ ერთი იყო… ყოველი ჩხუბის მერე, ნაცემი ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში ვხვდებოდი. ეს იყო ჩემი შვება. იქ მშვიდად ვიყავი. უბრალოდ, ის მაწუხებდა, რომ ძვირად ღირებულ დეფიციტურ წამლებზე ჩემი მშობლები დარბოდნენ… ის ამ დროს ჯგუფელებთან კონცერტზე ერთობოდა. მახსოვს, ეგეც სულ ერთი იყო.
ანა 8-თვიანი დაიბადა, ერთ-ერთი ცემის შემდეგ. – ნეკნებში მირტყა მაშინ. ტკივილები რომ დამეწყო და სამშობიაროში მივდიოდით, გამაფრთხილა, – თუ დაგილურჯდა, დამალეო. დავმალე…
3 კვირის შემდეგ, კლასელები მოვიდნენ ბავშვის სანახავად. იეჭვიანა და მთელი ღამე არ დამაძინა, შეურაცხყოფას მაყენებდა. დაძინებას რომ ვცდილობდი, თმით მწევდა და მისმინეო, მაიძულებდა. იმ ღამეს რძე გამიშრა. დილის 7 საათზე ქუჩაში ხალათით დავრბოდი, რომ ღია აფთიაქი მენახა, შიმშილის გამო ატირებული ანასთვის საჭმელი რომ მომეტანა… არც ეგ იყო თითქოს ტრაგედია.
მერე სოფელში გამიშვა, მოხუც ბებიასთან, თვითონ აქ თან მუშაობდა, თან ერთობოდა. ამასობაში ისევ ორსულად დავრჩი, აბორტის ფული არ გვაქვს, გააჩინეო. გადაწყდა. Ჩამოსული იყო ქორწილში, გააპათოლოგა, სცემეს და საკმაოდ დიდ მანძილზე ზურგით ვათრიე. ორსულობა შეწყდა. ნუ გეშინია, თავისით „ჩამოვაო“, დედამთილმა დამაიმედა და ექიმთან ვერ წავედი. გუბე რომ დადგა საწოლში სისხლის, კეთილი ინებეს და წამიყვანეს. იქ ფაქტობრივად ვშიმშილობდი, სანამ ჩემებმა არ გაიგეს და ისევ მიშველეს.
გადაწყდა, რომ ჩამოვსულიყავი. ამ პერიოდისთვის აბსოლუტურად უცხო იყო უკვე ჩემთვის, არანაირი სულიერი კავშირი, მოუნდებოდა ღამე, „იზამდა“ და იძინებდა. ჩუმად ვდგებოდი და დივანზე ვწვებოდი, სუნთქვაც კი მძულდა მისი. ბოლო წერტილი იყო, ანას საჭმლის ფული რომ მომპარა და ტოტალიზატორში წააგო. საღამოს აღოვაჩინე, რომ აღარ იყო და მთელი ღამე შაქრიანი წყლითა და თითით ვატყუებდი ბავშვს. თან ენტერო დაემართა და მთელი ღამე იტირა, ამაზეც გამარტყა, – გააჩუმე, ვერ ვიძინებო. არადა, ერთი ოთახი იყო, ვერსად გამყავდა.
მეორე დღეს წამოვედი… ჩემები მივიდნენ და მამას ვუთხარი, – თუ არ წამიყვანთ, თავს მოვიკლავ-მეთქი. არადა, მართლა მქონდა შარფი მოქსოვილი ამისთვის. უბრალოდ, შესაფერის ადგილს ვეძებდი, რომ ვერავის ვეპოვე და გადავერჩინე.
მამამ წამომიყვანა. სანამ ნივთებს ჩავალაგებდი, ოთახში შემომყვა და გამაფრთხილა, კოჭებს დაგიხვრეტ, სადმე და სახეს დაგისერავ, რომ არავინ შემოგხედოსო. სულ ერთი იყო… ბოლო ძალებს ვიკრებდი. ან გადავრჩებოდი, ან…
2 თვე სახლიდან ვერ გავდიოდი, მეშინოდა. Საწოლშიც ვერ ვწვებოდი, ვიჯექი და ისე მეძინა.
ძალით წამიყვანეს სალონში და თმა შემჭრეს. პირველად რომ მოხსნილი მაისური ჩავიცვი, მეგონა, შიშველი ვიყავი და ყველა მე მიყურებდა…
– გავიგე, განაშებულხარო, მესიჯი მომწერა. ქუჩაში უკან იყურე, რა იცი, რა ხდებაო…
აი ეს მესიჯი მონდევნო 5 წელი ყოველ წამს მახსოვდა, როცა ქუჩაში გავდიოდი. ვიყურებოდი, ველოდი…
ორ ადგილზე დავიწყე მუშაობა, ანა რომ 8 თვის გახდა. გამოვტოვე პირველი კბილი, პირველი ნაბიჯები ტელეფონზე მაჩვენეს, პირველ ზეიმს ვერ დავესწარი, მაგრამ გავზარდე, ერთად გავიზარდეთ, რადგან როცა „ჯოჯოხეთში“ დავბინავდი, 18 წლის ვიყავი, 19 წლისა, 6 თვის ბავშვით ხელში დავრჩი. სამაგიეროდ, ვგრძნობდი, რომ ვსუნთქავდი. მიჭირდა? კი, მიჭირდა. იყო პერიოდი, რომ ფეხსაცმელს ძირი ისე გაუცვდა, ასფალტზე ფეხის გულსებს ვაბჯენდი, კოჟრები მქონდა. ერთი ჯინსი მქონდა, რომელსაც საღამოს ვრეცხავდი და დილას ისევ ვიცვამდი. იყო დღეები, რომ სამსახურში მთელი დღე ვერაფერს ვჭამდი, ვერ ვხარჯავდი, იმიტომ, რომ ანას ბევრი სჭირდებოდა. სამაგიეროდ, გადავრჩი და ანაც გადავარჩინე. ჯანსაღ გარემოში გაიზარდა, მე ვაკლდი ის პერიოდი, მაგრამ ჯანმრთელი ფსიქიკით გავზარდე.
ჰოდა, თუ ამას კითხულობ, თუ გგონია, რომ არაფერი გამოვა, თუ გგონია, რომ მის გარეშე დაიღუპები ან ვერაფერს შეძლებ, ცდები… ყველაფერი გამოგივა, გადარჩები და უკეთესი ცხოვრება გექნება, გესმის? მთვარია, ძალა იპოვო და გადარჩე!!!






















