
სამი წელია კომპოზიტორ მიშა მდინარაძეს სოფელ მანავში მაყვლისა და ჟოლოს ბაღი აქვს. 8 ჰექტარზე გაშენებული კენკრა ამჟამად მიხედვას საჭიროებს. თუმცა 15 აპრილიდან ათი დღის მანძილზე ოთხი მთავარი ქალაქიდან შესვლა-გასვლის აკრძალვამ მიშას ბაღს პრობლემა შეუქმნა.
მიშა მდინარაძე: – მეგობრებთან ერთად 8 ჰექტრიანი ბაღი მაქვს, 400 ათასი ლარი გვაქვს დახარჯული და ახლა ამ შეზღუდვამ ყველაფერი გაგვიჩერა.
ყველაზე აქტიური სამუშაოების ჩატარების დროა. თან მსხმოიარობის პერიოდში შედის მაყვალი და ჟოლო. წყლის სისტემას ვაკეთებდით და პარასკევს უნდა ჩამოსულიყო ადამიანი, რომელიც მას დაამონტაჟებდა. ცუდად გავჩერდით.
ცოცხალია მცენარე, ბაღს ვერ ეტყვი, ათი დღე მოიცადე და მერე მოგივლიო. პლუს ბალახია გამოსაღები.
მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც წყალია. რეზერვუარისთვის წყლის ამოსაღები მასალაც ვერ ჩაგვაქვს.
სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით, რაც მერე ათჯერ მეტ ფინანსებს და რესურსს მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი გადაარჩინო და ამოქაჩო.
მიშამ თავისი ცნობილი სიმღერის – “თოლიების” სამღერლად “ფეისბუქზე” მეგობრები გამოიწვია. მათ სიხარულით მიიღეს და შეასრულეს ეს გამოწვევა, სახლებში იმღერეს და მიშას “ჩააბარეს”.
ამჟამად კომპოზიტორმა სახლში თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად ახალი კომპოზიცია ჩაწერა. “სახლში საცეკვი ვალსი” ასე ჰქვია ახალ მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც მიშას ფეისბუქგვერდზე მალე დაიდება.






















