
“71 წლის გავხდი და არავის არ სჯერა, არც მე მჯერა!” – განწყობას გვიზიარებს იუბილარი, ლაურა რეხვიაშვილი. მსახიობი “პრაიმტაიმის” მკითხველს უმხელს გეგმას, თუ როგორი დაბადების დღის გადახდა სურდა, თუმცა არსებულმა კოვიდ თუ ეკონომიკურმა ფონმა, ლამაზ იდეაზე, უარი ათქმევინა.
ლაურა რეხვიაშვილი: – ასაკს ვერ ვგრძნობ… ყველაფერი ისე მიყვარს, ისე მინდა, ისე ვხედავ, როგორც ადრე იყო. ორგანოს არც ერთ ნაწილში არ მომკლებიოა ენერგია. საამისოდ არაფერი საიდუმლო არ მაქვს. კაკო შანშიაშვილმა მომილოცა, სულიერ სილამაზეს საზღვარი არ აქვსო. მიხეილ თუმანიშვილი კიდე, ასე მილოცავდა – “ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო…”
არავითარი იუბილე და ოფიციალური აღნიშვნმა არ მინდოდა. თუმცა ჩემს მეუღლეს და სამეგობროს ჰქონდათ იდეა, რომ სახალხო ზეიმი მოგვეწყო. არ მიყვარს და არ მინდა-მეთქი, უარი ვთქვი. მორჩა გათავდა! ვფიქრობ, ცოტა რომ მაქვს გაკეთებული, შეიძლება, ამიტომ არ მიყვარს. მაგრამ სხვისი იუბილეებიც არ მიყვარს. არ ვიცი, რატომ. მზარავს…
ჩემი მეუღლე, დათიკო ამბობდა, სახალხო ზეიმი მოვაწყოთო. უნდოდა, ალავერდიდან დაწყებული, თელავისა და გომბორის ტყეებამდე ეტლებით ჩაგვექროლა, ეტლიდან ხელის დაქნევით მივსალმებოდით ხალხს, ვისაც უნდოდა, ეტლში ჩაგვესვა. მომეპატიჟებინა ის ადამიანები, ვისაც მე რამედ მივაჩნივარ, ვინც ფიქრობს, რომ მე მეტი შემეძლო, მე კი, დაწყობილი სახელმწიფო არ მერგო… ვისაც გონია, რომ რაც გავაკეთე, ხარისხიანად გავაკეთე, არ ივიწყებს ჩემს გაკეთებულს. რაც ამ უბადრუკ ყოფაში მოვასწარი. მოკლედ, ასეთ ხალხს შევკრებდით ამ ზეიმზე…
მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა, ამ შესაძლებლობებით, რაც გაგაჩნია, მე მსგავსი მასალა არ მყოლიაო. თუ შრომა არ დაგეზარება, ხელის გულით მიგაცილებენ სავანეშიო. საუკეთესო მონაცემი გაქვს და დაიხარჯე ამ მონაცემშიო. მაგრამ როგორ უნდა დავხარჯულიყავი? ყველა სიგლახე ჩემი სიცოცხლის მოცემულ დროში მოხდა და რა გავაკეთო? კიდევ რა მაგარი და კარგი ტიპი ვარ. ნეტავ, ღმერთმა რატომ გამომარჩია? არ გავბოროტდი, არ შემშურდა, არ ვჭორავ, ცუდი არავისთვის მისურვებია. თუ ადამიანი არ მიყვარს, არ მძულს.
ალბათ, ამიტომაც არის, რომ ადამიანების სიყვარულს ვგრძნობ. ნაცნობ-უცნობი მწერს, ქუჩას ვგრძნობ, ენერგეტიკას ვგრძნობ. დაწესებულებაში შესული არ ვარ, რომ მიღიმიან.
შევედი ბანკში და უნიფორმაში ჩაცმული ოთხი გოგო ერთდროულად მოვიდა, რა გნებავთო და მზად იყვნენ მომსახურებოდნენ. რა უგუნური უნდა იყო, რომ ეს არ მიიღო როგროც განძი, ყველაზე ძვირფასი ფასეულობა ეს არის… აბა, მე სახლში არაფერი ძვირფასი არ გამაჩნია. რომ ნახოთ, გაგიკვირდებათ!
ხალხი მილოცავს და მე იმის საშუალება არ მაქვს, რომ დღესასწაული მომეწყო – კოვიდის გამო, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო. თორემ ამ სილამაზის მოწყობა პირბადეებით შეიძლებოდა. რა უნდოდა ეტლების დაქირავებას, ალავერდიდან შუამთამდე, გაჩერებები, ხელადებში ღვინო, ჩამოსხმა, ხუმრობა, გახსენება… უთვალავი რამის გაკეთება შეიძლება. აი, რა იდეა აქვს ჩემს რეჟისორ მეუღლეს. მინდოდა და ვერ გავაკეთე…
























