
„როგორც კი შევიდა, თქვა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის“, – ამის შესახებ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა განაცხადა.
როგორც ადვოკატი ამბობს, ხელში ყუმბარის ფორმის სანთებელაც ყურადღების მისაქცევად ეჭირა.
„როგორც კი შევიდა, თქვა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის. ყუმბარის ფორმის სანთებელა ყურადღების მისაქცევად ეჭირა, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიექცია. ხელზე ტელევიზიების ნომრები ეწერა, „გუგლში“ მოუძებნია, რომ შიგნით მყოფებს მათთვის დაერეკათ“, – განაცხადა ჭოჭუამ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დაკავებულის 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” თავს დაესხა მოქალაქე ლევან ზურაბაშვილი და მძევლები აიყვანა. ზურაბაშვილმა მოთხოვნებიც წამოაყენა: აზარტული თამაშების გაუქმება, წამლების ფასისა და საბანკო პროცენტების შემცირება.
ზურაბაშვილი ამჟამად დაკავებულია და ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.























