22:54 | 2021-04-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ხიდიდან დანახული საკუთარი სახლი იცით როგორია? ხელის გულზე გული რომ გქონდეთ, ფეთქავდეს და მკერდში ვერ იბრუნებდეთ – დევნილი ქალი

ხიდიდან დანახული საკუთარი სახლი იცით როგორია? ხელის გულზე გული რომ გქონდეთ, ფეთქავდეს და მკერდში ვერ იბრუნებდეთ – დევნილი ქალი

“ეს მე ვარ, თითს ჩემი სახლისკენ ვიშვერ, სახლს გაღმა ნაპირიდან ვუყურებ. დიახ, ეს მე ვარ სახლდაკარგული მე ერთი ქართველი ვარ, რომელიც სამშობლოში სამშობლო დაკარგული, აფხაზეთდაკარგულია. აფხაზეთში 15 წელია არ ვყოფილვარ, მამის საფლავი არ მინახავს.” – ეს ემოციური სიტყვები დევნილ და ამჟამად, ემიგრაციაში მყოფ მაყვალა ჩიტაიას ეკუთვნის.

 

“პრაიმტაიმი” დევნილ ქალბატონს ესაუბრა.

 

როცა ევროპაში სამუშაოდ წასული საქართველოში ჩამოდის, მისი მარშრუტი უცვლელია, ის ენგურის ხიდზე მიდის და რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდგარ მშობლიურ სახლს უყურებს, ეზოში მოფუსფუსე მეზობლებს ათვალიერებს, გონებაში ძველ, მშვიდ დროს იხსენებს და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი ძველი მოგონებები მეხსიერებაში ფეთქდება და ემოციებად იფრქვევა.

 

ეს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილი ქალის მძიმე ისტორიაა, რომელსაც ემოციების გარეშე უბრალოდ ვერც თქვენ წაიკითხავთ…

 

“ეს მე ვარ, თითს ჩემი სახლისკენ ვიშვერ, სახლს გაღმა ნაპირიდან ვუყურებ. დიახ, ეს მე ვარ სახლდაკარგული მე ერთი ქართველი ვარ, რომელიც სამშობლოში სამშობლო დაკარგული, აფხაზეთდაკარგულია. აფხაზეთში 15 წელია არ ვყოფილვარ, მამის საფლავი არ მინახავს.ემიგრანტი ვარ, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ენგურის ხიდზე მივდივარ და შორიდან ვუყურებ ჩემს სახლს, ჩემს აფხაზეთს,იქიდან ვეფერები.

 

ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ენგურის ხიდიდან ორ ნაბიჯზე შენი სახლია და გზა შენი სახლისკენ მავთულხლართითაა გადაკეტილი. ვერ ვსუნთქავ იმ ჰაერს, ვერ ვეხები ჩემი სახლის ჭიშკარს, სახლში ვერ შევდივარ, ვერ გრძნობ ამ ყველაფერს და მაშინ გულში სიცარიელე ისადგურებს.

 

როცა საქართველოში ვარ, უმეტესად ენგურის ხიდზე ვატარებ დროს. იქიდან აფხაზეთში გატარებულ ჩემს ცხოვრებას ვგრძნობ. კადრებად გადის გონებაში ის პერიოდი, როცა მე და ჩემი და-ძმები იქ დავფრთიანდით. აფხაზეთი სულ სხვაა მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ვართ და ხიდს აქეთ ცხოვრობ, მაინც აფხაზეთი სულ სხვანაირია.

 

სანამ შესაძლებელი იყო აფხაზეთში მიმოსვლა, მანამდე დავდიოდი, მაგრამ წარმოიდგინეთ, 15 წელი ხიდიდან დანახულ ჩემს სახლს ვეფერები. იქიდან ვათვალიერებ იმ ადამიანებს, ვინც მეზობლად ცხოვრობენ. ხიდიდან დანახული საკუთარი სახლი იცით როგორია? ხელის გულზე გული რომ გქონდეთ, ფეთქავდეს და მკერდში ვერ იბრუნებდეთ, ასეთი შეგრძნება მაქვს სულ…

 

ერთადერთი უკონტროლო მაშინ ვხდები, როცა საქმე აფხაზეთს ეხება. მე გულანთებული ქართველი ვარ და მინდა, მოვესწრო იმ დროს, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდება, გავერთიანდებით. ვიცი, ორივე მხარემ ბევრი ტკივილი ნახა, ორივე მხარეს დიდი დანაკარგი გვაქვს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით…” – ამბობს მაყვალა ჩიტაია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X