09:53 | 2021-05-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“ხმაზე ეტყობოდა, რომ არ იყო კარგად, მაგრამ მოვაგულაინე, მამა, გელოდებით, მალე გამოდი-მეთქი” – ბუბა ხოტივარის უკანასკნელი საუბარი შვილთან

“ხმაზე ეტყობოდა, რომ არ იყო კარგად, მაგრამ მოვაგულაინე, მამა, გელოდებით, მალე გამოდი-მეთქი” – ბუბა ხოტივარის უკანასკნელი საუბარი შვილთან

ბუბა ხოტივარის ოთხივე შვილიდან, არც ერთმა ოჯახის ტრადიცია არ გააგრძელა და კინემატოგრაფისტი არ გახდა. ერთი მუსიკოსია, მეორე პროგრამისტი, მესამე საერთაშორისო ურთიერთობების განათლებით, მეოთხე – მაკლერი.

 

როგორც მუსიკოსი ლევან ლელო ხოტივარი გვიყვება, რეჟისორ მამას ამაზე გულისწყვეტა არ ჰქონია.

ლევან ლელო ხოტივარი: – ეს მისთვის არ შემიმჩნევია, პირიქით, უფრო გვგულშემატკივრობდა. რაც გიყვართ, ისე აკეთეთო.

 

ერთხელ ჩემთან თანამშრომლობის იდეა ჰქონდა, მომმართა და მუსიკალური ტრეკი გავაკეთე მისი ეტიუდისთვის. მასალა მოეწონა, აქ რაღაცებს შევცვლიდიო, მითხრა კიდეც. თუმცა საბოლოოდ, რატომღაც ეს თანამშრომლობა არ შემდგარა.

 

 

ბევრს მუშაობდა, მაგრამ 24 საათი მაინც ვგრძნობდით, რომ ჩვენთან იყო. სხვადასხვა ქვეყნებშიც დაფრინავდა, მაგრამ მე მისი მონატრება არასდროს მიგრძვნია. რაც თავი მახსოვს, სულ გვერდით იყო მამა.

 

ძალიან მეგობრული იყო. სულ ხუმრობდა, სავსე იყო იუმორით. არ ვიცი, საიდან ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფრისთვის იუმორით შეეხედა. ბევრჯერ გაბრაზებულიც მინახავს, თუმცა იუმორის გრძნობას განსაკუთრებულად გამოვყოფ.

 

მახსოვს, ინტერვიუზე გამიყოლა. ყველაზე მეტად ბოლო კითხვა დამამახსოვრდა. რას მიიჩნევთ, თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევადო, ჰკითხეს და მამამ უპაუხა, შვილებსა და შვილიშვილებსო. ეს ფრაზა ჩამრჩა და სულ მახსოვს.

 

– რითი გავხართ?

 

– ხმის ტემბრით. მინდა გონებითაც ვგავდე და ჩემი ნამოქმედარითაც. იერით ხშირად მამსგავსებენ, მაგრამ საქმითაც თუ დავემსგავსები, მაგარი იქნება.

 

 

ბუბას დევიზი იყო, ადამიანებში მხოლოდ კარგი და კეთილი ეძებეთ და ამას მოეჭიდეთო. ამ გზით იარა მანაც.

 

იყო მებრძოლი. არასდროს მინახავს მამას ტრაური. სულ წინ იყურებოდა. მუშაობდა სცენარებზე. მისი პერსონალური კომპიუტერი დიდი ბიბლიოთეკაა. დასაარქივებელია და ამ მხრივ დიდი სამუშაო გველის.

 

დაინფიცირება

 

ხოტივარების ოჯახში კოვიდი ყველას ჰქონდა. თავიდან რეჟისორი და მისი მეუღლე დაინფიცირდნენ, შემდეგ შვილები და რძალი…

 

ლევანი: – ყველამ უპრობლემოდ გადავიტანეთ ვირუსი. მამა სიმპტომებიდან მეოთხე დღეს წავიყვანეთ ჰოსპიტალში და იქ დაახლოებით 21 დღე დაჰყო. არანაირი გართულება არ ეტყობოდა, არც მას სურდა კლინიკაში დაწოლა, მაგრამ გართულების თავიდან ასაცილებლად, მისი ჰოსპიტალიზაცია გვირჩიეს.

 

შემდეგ, მოულოდნელად, ნელ-ნელა დამძიმდა, ბოლო ორი დღე მართვირთ სუნთქვაზე გადაიყვანეს, ფილტვები დაუზიანდა, გულმა ვეღარ გაუძლო და…

 

 

– ბოლო საუბარი რა იყო?

 

– ჩვეულებრივ მესაუბრა. გამოდი მაქედან, გელოდებით-მეთქი, ვუთხარი. რამდენადაც შეეძლო, შემართებით იყო. პერსონალი მეუბნება, ხუმრობდა კიდეცო. ეტყობა, ბოლომდე ისეთი დარჩა, როგორიც იყო.

 

რომ ვესაუბრე, ხმაზე ეტყობოდა, რომ არ იყო კარგად, მაგრამ მოვაგულაინე, მამა, გელოდებით, მალე გამოდი-მეთქი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, სახარბიელო სიტუაციაში არ ყოფილა, ეს ხომ ჩვეულებრივი ვირუსი არ არის, მაგრამ მის გარდაცვალებას ვერ დავუშვებდით. სამწუხაროა, რომ ბოლო წუთები ერთად ვერ გავატარეთ.

 

მამას არანაირი თანხმლები დაავადება არ ჰქონია. არც სიგარეტს ეწეოდა, მაინცდამაინც, არც ალკოჰოლი უყვარდა. არ ვიცი. საოცარია… მე მგონია, ამ ინფექციას ინტელექტი აქვს. არაფერს არ ექვემდებარება მისი მოქმედება.

 

იმუნიზაციას აპირებდა. მარხვამ გაიაროს და ავიცრებიო, ამბობდა. მარხულობდა, ეკლესიურად ცხოვრობდა.

ეს უბედურება რომ დასრულდეს, სწრაფად უნდა ავიცრათ ყველამ!

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X