
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 4 წლის შემდეგაც არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა პირთა წრე კვლავ გაიზარდოს.
15 აპრილს თბილისში დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავეს.
როგორც გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე 2019 წლის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, მან ჯერ კიდევ საავადმყოფოში გაიგო „მისი შვილის მკვლელის“ სახელები.
„იმ მომენტში, ისევ მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა დათუჩას ეცოცხლა. ჩემს გვერდით უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა ლაპარაკობდა, ყველას ხმა მესმოდა, არ ვფიქრობდი, ოღონდ, რა მესმოდა, რას ვიგებდი, არ მინდოდა, იმის მოსმენა, ვინ და როგორ ჩაარტყა ჩემს შვილს დანა, მაშინ მხოლოდ დათუჩაზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი!
მერე, როცა დათუჩა აღარ იყო, მერე როცა საავადმყოფოდან წამოვედი, მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილის მკვლელების სახელები ვიცოდი, ვიცოდი, როგორ დაარტყა სამმა ადამიანმა დანა ჩემს შვილს და ორმა დადუნაშვილს“.
კითხვაზე კი, დაჭერილი ორი ადამიანიდან, ვინ არის მესამე, პასუხობს, რომ მღვდლის შვილი.
„მღვდლის შვილი! და მის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არაა, გააქრეს!“.
დღეს კი, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ზაზა სარალიძე კომენტარს არ აკეთებს.
შესაძლებელია თუ არა, მოცემულ საქმეზე დაკავებულ პირთა წრე კვლავ გაიზარდოს? – „პრაიმტაიმმა“ ამ კითხვით დათუნა სარალიძის ოჯახის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს მიმართა. რომლის თქმითაც, ოჯახი საქმეს დასრულებულად არ მიიჩნევს.
„საქმეს დასრულებულად არ მივიჩნევთ, სანამ სამოხელეო დანაშაულის კუთხის ნიშნითაც არ იქნება საქმეზე, წინ გადადგმული ნაბიჯი. რეალურად, მე რა განცხადებებსაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაზარალებული მხარის პოზიციაა. მე მისი წარმომადგენელი ვარ და ჩემი განცხადება მისად აღიქმება. ჩვენი პოზიცია ეს არის, არ მივიჩნევთ საქმეს დასრულებულად სანამ, არ იქნებიან სწორედ ის პირების დანაშაული გამოვლენილი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ამ საქმის მსგავსად სხვა საქმეებზეც გავლენებს არ ჰქონდეს ადგილი“.
მოცემულ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მან სამოხელეო დანაშულის შესახებ საუბარი სხვებთან შედარებით უფრო ადრე დაიწყო.
„18 ადამიანის მიმართ დევნის დაწყება მაქვს მოთხოვნილი. დასაბუთებული მაქვს ყველაფერი. მაგრამ პროკურატურა ამას ცოცხალი თავით არ აკეთებს. რაც შეეხება მენაბდის დაკავებას. მინდა გითხრათ, რომ სისხლის სამართლის საქმეში დღეის მდგომარეობით არანაირი ახალი მტკიცებულება არ არსებობს. გარდა იმისა, რაც გუგა ბარბაქაძემ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მისცა. შემთხვევდან 3-4 საათში. რატომ არ გამახვილდა მაშინ ამაზე ყურდღება? საქმე ის არის, რომ მფარველობდნენ“…
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები – გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია არიან. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
მიმდინარე წლის 15 აპრილს კი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი გიორგი მენაბდე დააკავეს.
შსს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.























