
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში გამოჩენილი ძალისხმევისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„მოდით, დავიწყოთ მადლობით. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გამოვხატავ მადლობას ყველას მიმართ იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო ამ კრიზისულ სიტუაციაში.
ამასთანავე, ბატონო გიორგი, ძალიან სამწუხაროა, რომ კრიზისის პერიოდში, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც მიიღებოდა რთული გადაწყვეტილებები, თქვენ, მთავრობის წევრები არ მობრძანდებოდით პარლამენტში, რადგან აბსოლუტურად ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტი იყო ეპიცენტრი, მათ შორის კამათის, ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეჯერების, მათ შორის შეიძლება, კითხვებიც ნაკლები ყოფილიყო გარკვეულ ღონისძიებებზე, თუ ეს იქნებოდა თუნდაც ცხარე კამათის ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები.
რა თქმა უნდა, ამან დაასუსტა პარლამენტის როლი, ამ ინსტიტუტის როლი და ეს სამწუხაროა.
ჩვენ შეგვეძლო ამ კრიზისის დროს სწორედ ეს ტესტი გაგვევლო და პირიქით, გაგვეძლიერებინა და მეტიც, კონსოლიდაციის საშუალებასაც მეტს მოგვცემდა ეს, რაც ნამდვილად აუცილებელია კრიზისის დროს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარია ასევე პრემიერს მიმართავს 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე.
„მინდა მოგმართოთ ასევე 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე და ყველანაირი ნიშნის მოგების, თუ რაღაცის გარეშე, უბრალოდ მოგმართოთ, რომ გიორგი რურუას გამოშვება, პოლიტპატიმრების გამოშვება, ნორმალიზება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო ფასი აქვს და ძალიან დიდი ფასი აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის, დემოკრატიის გამყარებისთვის და მშვიდობისთვის ამ ქვეყანაში.
ამიტომ მოგმართავთ, რომ გადავდოთ გვერდზე რაღაც უსიამოვნო მომენტები, ბოლომდე შევასრულოთ ეს შეთანხმება და სამართლიან ბრძოლაში შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
























