09:58 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

ხუთი ადამიანი საბრალდებო სკამზე და შაქარაშვილის ოჯახი ვერდიქტის მოლოდინში – დაუმტკიცდება, თუ არა ხუთ ბრალდებულს განზრახ მკვლელობა 

ხუთი ადამიანი საბრალდებო სკამზე და შაქარაშვილის ოჯახი ვერდიქტის მოლოდინში – დაუმტკიცდება, თუ არა ხუთ ბრალდებულს განზრახ მკვლელობა 

2020 წლის ივნისიდან დღემდე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შესახებ ბევრჯერ დაგვიწერია და მოგვიყოლია. გვიფიქრია, გაგვიგია და წარმოგვიდგენია …

 

დღეს, რამდენიმე საათში გავიგებთ, მოკლული ფეხბურთელის საქმეზე რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე…

 

საბრალდებო სკამზე განაჩენს 5 ადამიანი ელოდება. ვერდიქტის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში დაესწრება მოკლული შაქარაშვილის ოჯახი.

 

გამამართლებელ განაჩენს ელოდება ყველა ბრალდებული, მათ შორის ნიკა რევაზიშვილი, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურა საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობს, რომ სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდეს და მოსამართლე სტურუამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

 

ერთადერთ და გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდება დაცვის მხარე. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არც ერთი ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა ან ვიდეომტკიცებულება არ დევს, რომლითაც მოსამართლე იხელმძღვანელებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, “ტოიოტა ქამრის” ხუთ მგზავრს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

შაქარაშვილის საქმე 

 

„მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების, მამრობითი სქესის გვამი. სიგრძით 169 სმ; წონით 73 კგ” … ვიღაცისთვის ეს ტრაგედია გაკვეთილია, ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ამბავი.

 

სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვა ბრალდებულებმა წარმოთქვეს, რომელთაც დაცვის მხარის მიმართ, ბრალდებები აქვთ.

 

„ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა, მეც მოვკვდი იმ დღეს“ – სწორედ ასე მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მორაგბემ არჩილ გაგნიძემ სასამართლო პროცესზე პროკურორებს.

 

„რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფიქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს რომ უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი. ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი“.

 

ჩაგვყარეს ციხეში და ეს აბსურდული ბრალი მოგვიყენეს – ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი

 

ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი უკანასკნელ მიმართვაში მოსამართლეს სთხოვს, არ გაუშვას ციხეში 17 წლით, რადგან ფეხბურთელი არ მოუკლავს. 

 

„საქმე ვერ გამოიძიეს და მოხდა ის, რომ ადგნენ და უდანაშაულო ადამიანებს მოკიდეს ხელი, ჩაგვყარეს ციხეში და ეს აბსურდული ბრალი მოგვიყენეს”.

 

საქმეზე ბრალდებულებსა თუ მათ ოჯახის წევრებს, აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციების დაწყებას აანონსებენ და არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურასთან კარვებიც გაშალონ.

 

ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმის, ვახო რევაზიშვილის განცხადებით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, „მოსამართლე გაყიდულია“.

 

„მე არ ვიცი, მის თავში ვერ ჩავიხედები, დაველოდებით განაჩენს და შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქრებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავაშიშვლებთ სისტემას, თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. ეს იქნება პროტესტიც და სამართლებრივი დავაც. ხუთივეს ოჯახზე ვსაუბრობ. გავასაჩივრებთ სააპელაციოში. თუ იქაც თვალს დაიბრმავებენ, გავასაჩივრებთ საკასაციოში და იქაც თუ ვერაფერი, წავალთ სტრასბურგში“.

 

თითქმის იგივე პოზიცია ვახტანგ ჩიქოვანის დედას, ნინო გოგილაშვილს აქვს. როგორც ის მედიასთან საუბრისას აცხადებს, მისი შვილი უდანაშაულოა და მის ამ საქმესთან შემხებლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

 

„ყველა მოწმე განადგურებულია ადვოკატების მიერ. რომელი ბრალი, რომელი? გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები რაც გავიგე, ეს იყო, თუ მესვრით და მომკლავთ, ეს არის ჩვენი განაჩენი.

 

 

არაა აუცილებელი, ადამიანს ესროლო და ისე მოკლა, ესეც ოჯახების სიკვდილიაო, თუ დაუმსახურებელი განაჩენი დადგებაო. ჩემი შვილი როგორც დამენანებოდა, ასე მენანება ეს ბავშვი. ღმერთმა არ ქნას, იმ ოჯახის მდგომარეობაში ჩვენი შვილის წარმოდგენა. მოლოდინი მაქვს, რომ გამამართლებელი დადგება აუცილებლად, რადგან მაშინ აღარაფერს არ ექნება აზრი, აღარც სასამართლოს და აღარაფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავყვებით სამართლებრივადაც და არასამართლებრივადაც“, – განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.

 

 

„ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ აქ ზიხართ ახლა“ – გიორგი შაქარაშვილის დედა

 

საქმის განხილვის დროს, სხდომაზე გარდაცვლილის დედა, თამარ შალვაშვილიც დაიკითხა, რომელმაც მოსამართლეს მიმართა და ბრალდებულების უმკაცრესი წესით დასჯა მოსთხოვა.

 

„ჩემი სახელით, ჩემი მეუღლის, რომელიც, მართლა, რამდენჯერმე ძლივს სიკვდილს გადაურჩა, მართლა ოჯახი გაგვინადგურეს ამათ, ბებია 5 თვეში უკან მიჰყვა ბავშვს დარდისგან, გამომდინარე აქედან, ჩემთვის საკმარისია ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურას აქვს, მოვითხოვ მკაცრს არა, უმკაცრეს სასჯელს, ჩემთვის ეს 5 ადამიანი დამნაშავეა, დამნაშავე კი არა მკვლელები არიან! საზოგადოებისთვის საშიშები! უდანაშაულო ბავშვებს მისდევდნენ, არ იცოდნენ ვის კლავდნენ.

 

ბავშვი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო და მომიკლეს, ხალხო, დაბადების დღეზე წავიდა 21-ე საუკუნეში ანგელოზი ბავშვი, რა მდგომარეობაში ვიქნები წარმოიდგინეთ. უცხო ხალხი მწერს დღემდე, ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ აქ ზიხართ ახლა!“- განაცხადა თამარ შალვაშვლმა.

 

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული. გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

 

 

შეგახსენებთ, 2020 წლის ივნისში, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

 

სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

ავტორი: Prime Time

X