
ექსპერიმენტულმა საშუალებამ კიბოს უჯრედები ყოველგვარი პრეპარატის გამოყენების გარეშე გაანადგურა – ახალი კვლევა კვლევა ჟურნალ Small-ში გამოქვეყნდა.
კიბო მსოფლიოში გარდაცვალების წამყვან მიზეზებს შორისაა.
2018 წელს მან 9,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ცნობილია, რომ ამინომჟავა, სახელად L-ფენილალანინი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ასეთ მჟავას შორის, რომლებზეც კიბოს უჯრედების ზრდაა დამოკიდებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ L-ფენილალანინს ადამიანი ხორციდან და სხვა ყოველდღიური საკვები პროდუქტებიდან იღებს. მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს აღმოაჩინეს, რომ თაგვებში ნანონაწილაკმა (ე.წ.Nano-pPAAM) კიბოს უჯრედები სპეციფიკურად და ეფექტიანად დახოცა.
კერძოდ, თავიდან ის მეგობრულ ამინომჟავასავით ჩანს, იქამდე, სანამ კიბოს უჯრედებს საკუთარი თავის განადგურებას აიძულებს. თვითგანადგურების რეჟიმი მაშინ ირთვება, როდესაც ნანონაწილაკი რეაქტიული ჟანგბადის ფორმების (ROS) დაჩქარებულ წარმოქმნას იწყებს.
ასევე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Nano-pPAAM-მა თაგვებში მოკლა ძუძუს, კანის და კუჭის კიბოების 80 პროცენტი, დაახლოებით ისე, როგორც თანამედროვე ქიმიოთერაპიული პრეპარატები (მაგრამ რა თქმა უნდა, მთელი რიგი გვერდითი ეფექტების გარეშე).
მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი მეთოდი ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში და ისიც თაგვებზე შემოწმდა, ადრეული შედეგები იმედისმომცემია და წარმოადგენს ერთ-ერთ გზას იმ რამდენიმე მეთოდს შორის, რომლითაც მეცნიერები კიბოს დამარცხებას ცდილობენ.























