
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მიეცა ინსტრუქცია, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიდში.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობა და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა. ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებაზე.
პრემიერის დავალებით, დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების. პირველ რიგში, დავაკმაყოფილებთ იმ ადამიანების მოთხოვნებს, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე და შემდგომ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი თანამოქალაქეა და ჩვენს ქვეყანაშია. მარაგები იქმნება სწრაფ ტესტებთანაც დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება
ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები






















