18:28 | 2021-08-04 ავტორი: თამარ გონგაძე

„კლინიკაში მყავს ამირანი და ათი თვის შვილიშვილი… “ – ეთერ თათარაიძის ოჯახი კოვიდს ებრძვის

„კლინიკაში მყავს ამირანი და ათი თვის შვილიშვილი… “ – ეთერ თათარაიძის ოჯახი კოვიდს ებრძვის

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე და მისი ოჯახის წევრები კოვიდინფიცირებულები არიან. მისი მეუღლე, ასევე ფოლკლორისტი, ამირან არაბული, მათი ქალიშვილი და შვილიშვილები კლინიკაში გადიან მკურნალობას. ქალბატონი ეთერი სახლშია და თვითონ არის თავისი თავის ფსიქოლოგიც და მკურნალიც. როგორც ჩვენთან ამბობს, სიმშვიდის შენარჩუნებაში თუშური წარმომავლობა ძალიან დაეხმარა.

 

ეთერ თათარაიძე: – ამირანს ფილტვი დაუზიანდა. თან ალერგიული ხველა აქვს დიდი ხანია. პატარა შვილიშვილი ათი თვისაა და მათზე ვღელავ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან.

 

ექიმების მადლობელი ვარ, რომ ვხედავ ამირანს და ბავშვს როგორ უვლიან. უმადური ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე თუ არ დავრეკე, ოჯახის ექიმი არ მირეკავს. ჩემით ვხვდები, რა გავაკეთო, ან ახლობლებს ვეკითხები და ისინი მაძლევენ რეკომენდაციებს.

 

ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული

 

“ასტრაზენეკას” ერთი დოზა გვაქვს გაკეთებული, მეორე ერთი კვირის წინ გვიწევდა, მაგრამ დავინფიცირდით.

 

ვერ ვიტყვი, რომ იოლად გადამაქვს. თუმცა თუშის ქალი ვარ და რამდენადაც შემიძლია, მშვიდად ვარ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი სიმშვიდე, თუშური წარმომავლობის ბრალია.

 

არ ვარ ძლიერი, როგორი არარაობა და მშიშარა ვარ, არ იცით. თუმცა ახლა რამ მომცა ეს ძალა, მართლა ვერ გეტყვით. მარტო ვარ და სულიერად გავღონიერდი.

 

მეთხუთმეტე დღეა არ დავწოლილვარ. სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებ.

 

სიმღერა ყველაფრის წამალია. სახადებს უნდა უღიღინო. მე ხომ ფოლკლორისტი ვარ. თუ შეგიძლია კარგ ხასიათზე უნდა იყო და იღიღინო. უნდა უნანაო, ულალაო, მოეფერო, უმღერო. რაც შემიძლია ვაკეთებ. ხან მოგიჟოდ ვიქცევი, ხან – ჭკვიანად, ასე გადის დღეები.

 

2021-04-06"ახლა ძალიან ვნანობ და ძალიან მწყდება გული..." - რაზე ესაუბრა უკანასკნელად გურამ დოჩანაშვილი ეთერ თათარაიძეს

 

გული არასდროს მაწუხებდა და ახლა ვიგრძენი ჩივილები. შემეტყო ნერვული დაძაბულობა. უცებ ძალიან მშვიდად ვარ და უცებ ფიქრი რომ წამიღებს, კლინიკაში მყვანან ოჯახის წევრები, ამირანს და პატარას უჭირს-მეთქი და მაშინ მიტყდება უაზრო ტირილი. მერე ჩემს თავზე ვბრაზობ, ეს რა არის-მეთქი. ვატყობ, რომ ნერვები ძალიან დასუსტებული მაქვს.

 

სიმშვიდის გარდა, ვერაფერს იზამს ადამიანი. რომ ვიკივლოთ და ვიწივლოთ, იმ კორონასაც გაუსკდება გული და ჩვენც არ ჩავვარდებით კარგ დღეში. იმას ოდესღაც გაუსკდება გული, თუ ჩვენ მშვიდად ვიქნებით.

 

ყველას ვთხოვ, გაფრთხილდნენ, თავს და ერთმანეთს გაუფრთხილდნენ. შეიძლება უნებლიედ და ნებსიდაც დაუშვას ადამიანმა დიდი შეცდომა. არ მიაქციოს ყურადღება. მე ხომ აღარ მაქვს, გადავიტანეო, ან მე ეგ არ შემხვდებაო. ასეთი მიდგომა არ უნდა გვქონდეს.

 

ყველა ჯანმრთელი მინდა იყოს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X