
კლინიკები, მედპერსონალი, ყველაფრისთვის მზად არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„რეგიონებში დავიწყეთ პროგრამაში ჩართული კლინიკების მონიტორინგი. უკვე შევამოწმეთ ქუთაისი და ფოთი. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა და მათი სტანდარტები შეესაბამება არსებულ ვითარებას.
მედპერსონალი გადამზადებულია, გავლილი აქვთ ტრენინგები. ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის პატარა ხარვეზები იმ კლინიკებში, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან და ეს ხარვეზები დაკორექტირდება.
ჩვენ ვაგრძელებთ სხვა რეგიონებში კლინიკების მონიტორინგსაც, ვინაიდან მოსალოდნელი ფაზის დაწოლის ძირითადი ტვირთი ჯანდაცვის სექტორზე იქნება.
უნდა ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარისთვის. კლინიკები, მედპერსონალი, ყველაფრისთვის მზად არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















