
ბოლო არ უჩანს ჩვენი გენიოსების წასვლას და ყოველ ჯერზე, გვიწევს იმის ხელახალი გაცნობიერება, თუ როგორ ვღარიბდებით და ვცარიელდებით.
ივნისში დაბადებული, ივნისში წავიდა.
“მე ჩემს მობილურ ტელეფონში საიქიოში წასულ მეგობრებს არ ვშლი. ვიდრე ცოცხალი ვარ, დაე, ჩემთან იყვნენ, ჩემს გვერდით” – ამბობდა. მის მეგობრებს შორის კი იყვნენ – გია ყანჩელი, გია დანელია, ბაადურ წულაძე…
ერთ-ერთი მეგობარი, ვისთანაც ინტენსიური კავშირი ჰქონდა, ელდარ შენგელაია გახლავთ…
ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე ისეთივე შემდგარი ტანდემია, როგორც რეზო და გია დანელია. სცენარისტმა ორივე რეჟისორთან (და არა მხოლოდ მათთან) შედევრები შექმნა და დაგვიტოვა.
“შერეკილებს” წინ უძღოდა მოთხრობა “უცხო ჩიტი“, რაზეც თავად ასე წერდა:
“აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ, ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობისას მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას – არ ვიცი ქუთაისში, გუმბრინში, საქარაში თუ საკუთრივ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს “შერეკილები“.
მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვადგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო!“

მეგობარზე წარსულში საუბარი უჭირს ელდარ შენგელაიას, თუმცა “პრაიმტაიმთან” ცდილობს ორიოდ სიტყვით გაიხსენოს უკვდავი რეზო გაბრიაძე.
ელდარ შენგელაია: – რეზო ნამდვილი გენიოსი იყო. მხატვარი, სკულპტორი, სცენარისტი, მწერალი, რეჟისორი და მარიონეტების საოცარი თეატრის დამაარსებელი. თეატრმა მოიარა მსოფლიო და აღიარება მოუტანა რეზოსაც და ასევე აღიარება მოუტანა საქართველოს კულტურას. ასეთი მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანი, მე მეორე არ შემხვედრია.
ჩვენ ორ ფილმზე ვიმუშავეთ – “შერეკილებსა” და “არაჩვეულებრივ გამოფენაზე”. არავითარი ჩხუბი და უთანხმოება ჩვენ არ მოგვსვლია. ვმეგობრობდით. ის ყოველთვის ესწრებოდა ფილმების გადაღებას. ასე არ იქცევიან სცენარისტები. რეზო კი მთლიანად ჩართული იყო კინოგადაღებაში, რომ ნამდვილად კარგი ნამუშევარი გამოსულიყო.
ამ ორი ფილმიდან გამოვარჩევ საყვარელ ფრაზებს – “სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი” და “ლამბრედუზო, მედუზო”.
რეზო სავსე იყო იუმორით. როდესაც ადამიანი გადაღებას ესწრება და იუმორით არის განწყობილი მსახიობებისა და მთლიანად გადამღები ჯგუფის მიმართ, არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის და გადაღებას ძალიან ეხმარება. დაახლოებით მაინც უნდა წარმოიდგინოთ, რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე, სადაც რეზო გაბრიაძე იყო… ეს იყო დღესასწაული.
როდესაც გია დანელია თბილისში ჩამოვიდა და სცენარისტს ეძებდა, მე ვურჩიე, აუცილებლად აიყვანე რეზო გაბრიაძე და გია ყანჩელი-მეთქი. და გიას “მიმინოში”, “არ დაიდარდოში” და “პასპორტში” ორივემ დიდი როლი ითამაშეს, განსაკუთრებით – რეზომ. საოცარი ფილმები გადაიღეს.
ბოლო პერიოდი ოქროყანაში ცხოვრობდა. იქ ვნახულობდი. ვსაუბრობდით მიმდინარე მოვლენებზე, ხელოვნებაზე, ათას რამეზე.
ბოლოს, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ ვნახე. ჩვენთან მოვიდა სტუმრად. დამხატა და ორი ნახატი მაჩუქა, თბილი წარწერით, თუ როგორ ვითანამშრომლეთ.
რეზოს წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი ერისთვის და კულტურისთვის.
ნელი შენგელაია, ელდარ შენგელაიას მეუღლე: – ყველაზე ხშირად ჩვენთან ჰქონდა ურთიერთობა. ყოველდღე რეკავდა. ბოლოს კლინიკიდან გვირეკავდა, მიშველეთ, წამიყვანეთ აქედანო. არ უნდოდა იქ ყოფნა. დიდ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავდა ელდარის მიმართ.
გიჟდებოდა ელდარის “ცისფერ მთებზე”, ნახავდა თუ არა, უნდა დაერეკა, რა მაგარი რეჟისორიაო.
იგივე დაავადება ჰქონდა, რაც გია დანელიას. გულის და ფილტვების უკმარისობას უჩიოდა. ოპერაციის შემდეგ, ცალ თვალში, პრაქტიკულად, ვერ იხედებოდა. ასე წაეწყო, ჯანმრთელობამ ძალიან უმტყუნა. ცუდად იყო უკვე. თუმცა იუმორი და ენაკვიმატობა ბოლომდე შეინარჩუნა. როგორ ხარ რეზო-მეთქი, ვკითხავდი და გოგო, ცხენი მომიყვანეს ახლა და უნდა ვიჯირითოო, მეუბნებოდა, არადა, ძლივს ლაპარაკობდა უკვე.
რა დასანანია რეზოს წასვლა. ძალიან განვიცდით…
























