
კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის და შვილის მემორიალთან მიტანილი ყველა ნივთის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც „სტეიპლს ცენტრის“ პრეზიდენტი, ლი ზეიდანი აცხადებს, ბრაიანტების ოჯახს ნივთები სპეციალური კონტეინერით გადაეცემათ.
„ვანესა ბრაიანტს სურს, მემორიალთან მიტანილი ყველა ნივთი შეინახოს. ამ სურვილს, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ავუსრულებთ. ყველა ნივთი, რომელიც „სტეიპლს ცენტრთან“ არის, ბრაიანტების ოჯახს სპეციალური კონტეინერით გადაეცემა. თაიგულებს კი არენის გარშემო გავანაწილებთ“, – განაცხადა ლი ზეიდმანმა.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.






















