
დელფინი – ყველაზე კეთილი, ჰუმანური და მაღალი ინტელექტის მქონე ძუძუმწოვარია დედამიწაზე. დიდი ზომის ტვინი დელფინს საშუალებას აძლევს გადაამუშაოს დიდი რაოდენობის აკუსტიკური და სხვა სახის ინფორმაცია. თუთიყუშების მსგავსად მათაც შეუძლიათ ადამიანის ნათქვამი სიტყვების გამეორება. ადვილად იწვრთნებიან.
ბევრი მითი გვსმენია მასზე, მაგალითად, როცა ადამიანი იხრჩობა, დელფინს შეუძლია მისი წყლის ზედაპირზე ამოგდება, გემს დელფინების ჯოგი გეზს უჩვენებს, ბავშვები განსაკუთრებულად უყვართ და ა.შ. ბათუმის დელფინარიუმის ძველი და ახალი თაობის მწვრთნელებისგან შეიტყობთ, რა არის მითი და რა, რეალობა, რა თვისებების მატარებლები არიან ეს საოცარი არსებები.
ბათუმის სიმბოლოდ ქცეული დელფინის რაოდენობა დელფინარიუმში, ამჟამად, ოცია. მათ ოჯახში მობინადრე ძუძუმწოვრებს, თანამშრომლები, პერსონებად აღიქვამენ და ამით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი.
20 განსხვავებული ხასიათის, მადის, გარეგნობის, „ხუშტურის“, განწყობის არსებას, მწრვთნელები, გადასარევად იცნობენ. ბუნებაში ზუსტად იდენტური არაფერია, წყვილი თვალიც კი. ამიტომ დელფინებიც თავიანთი შეფერილობის, ფარფლის თუ დინგის სიგრძეების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მათ მწვრთნელები მაშინვე ცნობენ და არჩევენ ერთმანეთისგან.
შოუში მონაწილე უსაყვარლესი დელფინების სახელებია: ნინი, ბელუჩი, ზორო, მარკო, ჩიბუ, ლოლა, ციცი და მისი შვილი, ბათუ. ვარსკვლავი დელფინები წარმოდგენაში ოთხ მწვრთნელს ჰყავს ჩაბარებული.
როგორ ასწავლიან ამ საოცარ არსებებს ცეკვას, ხტომას, თამაშს, მოსაფერებლად ამოსვლას – ამის სიტყვიერი ახსნა შეუძლებელია.
ზოგი მათგანი წყნარი ოკეანის ბინადარი იყო, ზოგი – შავი ზღვის. იკვებებიან ქაშაყით, სტავრიდით, ქაფშიით, სკუმბრიით, კეფალით, ხეკით, ორაგულით, მოივით. დელფინარიუმის დელფინები დღეში 4-5 სახეობის სხვადასხვა თევზით იკვებებიან, რომ მათი კვების რაციონი დაბალანსებული იყოს და საჭირო მინერალები მიიღონ.
ბიოლოგ თენგიზ წეროძეს 46 წელია დელფინებთან აქვს ურთიერთობა. ის 1974 წლიდან ბათუმის დელფინარიუმის ნაწილია. იყო უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი და დელფინების მწვრთნელი. ატარებდა სამეცნიერო კვლევებს, წვრთნიდა დელფინებს, უვლიდა და ტრენინგს უტარებდა მათ. ამჟამად ის ზღვის ძუძუმწოვრების ცენტრის მენეჯერის პოსტს იკავებს.
თენგიზ წეროძე „პრაიმტაიმის“ მკითხველს ბევრ საინტერესო ფაქტს უამბობს ამ საოცარი ძუძუმწოვრების შესახებ.
თენგიზ წეროძე: – დელფინებს არსებებს ვეძახი. მათ ძალიან მაღალი ინტელექტი აქვთ. სიკეთის, ეშმაკობის, მოხერხების, სითბოს, ინტელექტის კონგლომერატია. ერთადერთი ველური არსებაა, რომელიც არ გვერჩის, თავს არ გვესხმის, თუმცა ყოფილა შემთხვევა დელფინს გავულახივარ. ცხვირიც მომარტყა და კუდიც. რაღაცას ვითხოვდი, ვერ გაიგო და წამარტყა. არ ხარ სწორი-მეთქი ვუთხარი და მერე გამიგო. სწავლების პროცესში საჩუქარი ან თევზია, ან მოფერება. არც თევზი მივეცი, არც მოვეფერე. ვერტიკალურად უნდა ყოფილიყო და განგებ გადაბრუნდა, გამაწვალა. ერთობოდა. ვეუბნებოდი, რომ შოუს დროს ასე არ მოქცეულიყო. სასტვენი ხიდი გვაქვს, ე.წ. ბრიჯი, რომლის ჩასტვენითაც ვანიშნებთ, რომ ყოჩაღია და შესრულებული დავალებისთვის ჯილდო ელის. ამ ბრიჯით ვამყარებთ მათთან კავშირს.
გარდა იმისა, რომ ეს ჭკვიანი არსება ბრიჯით იგებს, რა სურთ ადამიანებს, მათ მიმიკითაც შეუძლიათ გამოიცნონ, რა განწყობაზეა მწვრთნელი. როგორც ბატონი თენგიზი გვეუბნება, დელფინს ფანტასტიკური მხედველობა აქვს და მას იმავე წარმატებით შეუძლია წყლიდან ზემოთ მყოფნი დაგვინახოს, როგორც თავის თანამოძმეს ხედავს წყლის ქვეშ.
თენგიზ წეროძე: – თვალის აგებულებაც რთული აქვთ, ხედავენ ძალიან კარგად. მათ შეუძლიათ წყლიდან გააკონტროლონ ზემოთ არსებული სიტუაცია. სხვადასხვა სიმკვრივის გარემოა წყალში და ხმელეთზე. დელფინს შეუძლია ამოხტეს 5 მეტრი წყლიდან, შეეხოს ბურთს, მერე ჩადის წყალში, იღებს ინერციას და მიცურავს. ამიტომ წყლიდან რომ ხედავს ბურთს, გათვლას, მოძრაობის კორექტირებას აკეთებს. ჩვენი სახის გამომეტყველებასაც კი კითხულობენ. შეჭმუხნული და გაღიმებული სახეების გარჩევა შეუძლიათ.
ის, რაც ყველას პოზიტიურად განაწყობს ამ საოცარი ძუძუმწოვრისადმი, მისი მომღიმარი სახეა. მასში დევს სიკეთე და კეთილგანწყობა. ბუნებით ასეთია, ლაღი, მომღიმარი და კეთილი. ამიტომაც არის, რომ დელფინი ყველაში სიყვარულს და კეთილგანწყობას იწვევს.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ღიმილი დელფინებს დაბადებიდან აქვთ სახეზე შეციებული. მათ თავისი ხასიათით ადარებს 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებს. ვიგებთ, რომ 15-20 წლის დელფინი უკვე სერიოზული ხდება და ამ დროს ის, დაახლოებით, 40-45 წლის ადამიანის ასაკისაა.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხელოვნურ გარემოში უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ დელფინები. შეერთებულ შტატებში, დელფინარიუმში მობინადრე დელფინს 63 წელიც კი უცოცხლია.
ბათუმის დელფინარიუმში იაპონიაში შეძენილი წყნარი ოკეანის და შავი ზღვის დელფინები ბინადრობენ. ზოგი მათგანი შავი ზღვიდან სარეაბილიტაციოდაა შემოყვანილი. ან გამორიყულ, ან ბადეში გახლართვისგან დაზიანებულ დელფინს დელფინარიუმში მკურნალობენ. პროცესი ხანგრძლივია, რასაც რე-რეაბილიტაცია მოჰყვება ხოლმე, რათა თავიდან გაველურდეს და დავიწყებული ფუნქცია – თევზის ჭერა გაიხსენოს.

„დელფინარიუმში ეს არსება ადამიანთან კონტაქტში შემოდის, ამიტომ თუ ისევ არ გაველურდა, შეიძლება ზღვაში გაშვების შემდეგ, პლაჟზე ადამიანებთან მივიდეს, შეეხოს, მათ შეეშინდეთ და შიშისგან მოკლან კიდეც“ – ამბობს ბატონი თენგიზი.
შავ ზღვაში არის არეალები, სადაც მოხტუნავე დელფინს მოკრავთ თვალს, მაგალითად სარფიდან ქობულეთამდე, სადაც თევზის გამო დაცურავენ. რეზიდენტი დელფინები ცხოვრობენ ტრაბზონიდან განმუხურამდე. არის მეორე ჯგუფის დელფინები, რომლებიც მთელ შავ ზღვაში გვხვდებიან. შეიძლება საქართველოს სანაპიროსთან გამოცურული დელფინი ბულგარეთის ან თურქეთის სანაპიროსთან იხილოთ.
თენგიზ წეროძეს დღემდე ახსოვს 1979 წელს დაბადებული დელფინი სახელად დათო, რომელიც ამ სახელით, დავით ყიფიანის საპატივცემულოდ „მოინათლა“.
„მაშინ „დინამო-თბილისი“ ძალიან კარგ ფორმაში იყო. წარმატებული პერიოდი იყო, თასიც ავიღეთ. ამიტომ იმ დროს დაბადებულ დელფინს დათო დავარქვით.
ეშმაკი დელფინი იყო, ანცი. მამამისს აწვალებდა, ბურთს ართმევდა ეს შოუ იყო თუ უბრალო ტრენინგი. ნებისმიერ აუზში გადაძვრებოდა, ოდნავი ხვრელი და დათო გამძრალი იყო. ვოცდებოდით, ისეთ ხვრელებს აგნებდა და ძვრებოდა სხვა აუზში.
5 წელი იცხოვრა დათომ. ძველი დელფინარიუმი არ იყო შესაბამისად აღჭურვილი. და პრობლემა იყო დელფინების შესაბამის დონეზე უზრუნველყოფა“ – გვიყვება რესპონდენტი.
შეიძლება არც კი იცოდით, რომ დელფინი სრული გათიშვით არ იძინებს. მისი ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარი ითიშება, მეორე კი ფხიზლობს.
თენგიზ წეროძე: – დელფინების ძილი ცალკე თემაა. ევოლუციის შემდეგ ისინი წყალში ცხოვრობენ (50 მილიონი წლის წინ დელფინები ხმელეთზე ცხოვრობდნენ, ბალახს ძოვდნენ, წვრილჩლიქოსანი, მგლის მაგვარი ცხოველი იყო). მათთვის ჩასუნთქვა შეგნებული ქმედება – აქტია. ამიტომ მათი ტვინის ნახევარს ძინავს, ნახევარი ფხიზლობს. ფხიზელი ნაწილი მთელ მის ქცევას აკონტროლებს. შეიძლება ცურავდეს, შოუში მონაწილეობდეს, მაგრამ ტვინის ნახევარი სფერო დასვენებული ჰქონდეს. როცა ასეა, ცალი თვალი საწინააღმდეგო მხარეს და მოჭუტული აქვს. სუნთქავს თავის ქალის მაღალ წერტილში მქონე სასუნთქი ხვრელით, ტივტივის ბალანსს დაიჭერს და შეუძლია რამდენიმე წუთი მთლიანად წაიძინოს. ღამით დაცურავენ, ისვენებენ, თუმცა რამეს მაინც აკეთებენ. არ უყვარს უსაქმოდ ყოფნა. შეუძლია 15 წუთი სუნთქვა შეაჩეროს, ან ჩავიდეს ფსკერზე 5 წუთით დაწვეს.
წყლიდან გამორიყული დელფინი თუ ის ჯანმრთელია, სანამ კანი არ გაუშრება, ის ცოცხალია. ასე შეიძლება გაძლოს რამდენიმე დღე.
ტვინის მასის შეფარდებით სხეულთან, დელფინები ადამიანების შემდეგ მოდიან. მათ ორგანიზმში ორგანოების გაგრილების და გათბობის სისტემები აქვთ. ჩვენ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით დელფინებზე…
ჯაბა დიასამიძე 11 წელია დელფინებთან ურთიერთობს, მათი მწვრთნელია. ამბობს, რომ ეს არსებები ადვილად ეჩვევიან მწვრთნელებს და დელფინები მათ ერთმანეთისგან ანსხვავებენ ხასიათით, მოძრაობით.
ჯაბა დიასამიძე: – დელფინები თავისუფლად კითხულობენ ჩვენს განწყობას და როგორი ხასიათითაც მიდიხარ მასთან, იგივე ხასიათით მუშაობს. მისი ცხოვრების წესია შენზე დადებითად იმოქმედოს. ცდილობს, განწყობა გამოგიკეთოს და უნდა დაყვე. შენ თუ უარი გამოუცხადე, გაგანებებს თავს და წავა. ოთხი-ხუთი წლის ცელქი ბავშვივით არის, რაღაცას აუკრძალავ, ის მაინც აკეთებს, თან შეგნებულად, რომ გაგაღიზიანოს, მაგრამ ეს ნორმაა. ბოროტობით არ აკეთებს, ანცობს, რომ გაგახალისოს. მუშაობის დროს შენ მისი ანცობის ხასიათზე არ ხარ. მიდის გარკვეულ დისტანციაზე, გადაუვლის და ბრუნდება.
სულ იღიმება და იძულებულს გხდის, შენც მის მიმართ დადებითი და თბილი იყო. სითბოს გთავაზობს და გიღიმის.
ის, რომ 11 წელი მათთან ვმუშაობ, არ ნიშნავს, რომ კარგად ვიცნობ დელფინებს. ყოველდღე ახალს გვთავაზობენ. იზრდებიან, ხასიათი ეცვლებათ.
მსგავსად გამართულ დელფინარიუმებში დელფინები მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ზღვაში, სადაც ეკოლოგიური პრობლემებია, მტაცებლებია, საკვებს ეძებენ ყოველდღიურად და შეიძლება ერთი თვე ისე გავიდეს, ვერ იპოვონ თევზის გროვა. ასეთ დროს საკუთარ ცხიმს წვავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა გადაეყრება, მაქსიმალურად ჭამს.
– ყოფილა შემთხვევა, ჩაუგდიათ ნომერი?
– ზოგჯერ „ახალტურებენ“. ერთნაირ განწყობაზე ვერც ჩვენ ვართ. გაგიკეთებს, ოღონდ ისეთი ხარისხით არა. ამ დროს იგნორირება უნდა გაუკეთო, ვერ დასჯი. შენ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინე, არც მე ვითვალისწინებ შენს თხოვნას – ასეთია ჩვენი ურთიერთობა.
– რითი განსხვავდება მდედრი დელფინი მამრისგან?
– ვიზუალურადაც განსხვავდებიან და ხასიათითაც. მდედრი უფრო ნაზია და ეს ეტყობა. თუმცა ალქაჯებიც არიან.
– როცა წყვილი ერთმანეთს ეპრანჭება, ეს ეტყობათ?
– აქტიური, ხშირ შემთხვევაში, მამრი დელფინია. თავისებური მიდგომა აქვთ. ხმოვან დონეზე კონტაქტობენ, რასაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ. გარეგნულად გამოხატული ფლირტი დელფინებში არ შემიმჩნევია. შეიძლება ფლირტი იყოს იმ ქცევაში, როგორც ისინი იქცევიან, თუმცა ჩვენ ამად ვერ აღვიქვამთ.
– ჩხუბი იციან?
– იციან. ერთმანეთს დასდევენ. ზოგჯერ ისეთ დღეში არიან, გეგონება, რომ აუზი დუღს. გამაბრაზეს და პასუხს ვთხოვ – ასეთი განწყობაა ამ დროს მათთან. უმნიშვნელოდ მიუყენებიათ ზიანი ერთმანეთისთვის. ადამიანის მიმართ აგრესია კი აბსოლუტურად ნულია.
როგორც ჯაბა ამბობს, დელფინებს შოუ უყვართ და ყველაზე კარგი შოუ მაშინ გამოდის, როდესაც მას ბევრი ბავშვი ესწრება. ბავშვების ჭყივილზე საპასუხოდ დელფინებიც ყირაზე გადადიან.
– მითი თუ რეალობა – დელფინი ადამიანს დახრჩობისგან იხსნის თუ არა?
– ამას ყველა თავისი ხედვით უდგება. პირადად ჩემი აზრით, ეს მითი მისი იშვიათობის გამო არსებობს. შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვაში ბევრი ვოილერებია. გაწვრთნილი დელფინები აღწევენ და გადიან მის იქით, გარეთ. ასეთი დელფინისთვის ადამიანი ჩვეულებრივი მოვლენაა. ველურად მცხოვრები დელფინი დისტანციას დაიჭერს, რადგან არ გვიცნობს ადამიანებს. ამიტომ შეიძლება ხელოვნურ პირობებში გაზრდილი დელფინი მივიდა ადამიანთან, რომელიც იხრჩობოდა და შეეშველა. არ არის გამორიცხული. ეს მითიც აქედან მოდის.
– გემის წინ რომ მიცურავენ ამოხტომებით, გეზის მიმასწავლებლები არიან თუ ესეც მითია?
– გემი ხომ ჭრის წყალს, ტალღებს წარმოქმნის და დელფინებს სიამოვნებთ ამ ტალღებზე ცურვა. ეს არ ნიშნავს, მოდი, მე შენ გზას გასწალი, გამომყევიო.
– რა მოგცათ დელფინებთან ურთიერთობამ?
– ადამიანები დელფინებივით ლმობიერები, თბილები და ყურადღებიანები რომ ვიყოთ, გაცილებით უკეთესები ვიქნებით. ჩვენში მეტი „მე“ და აგრესიაა.
დელფინარიუმის პიარ-მენეჯერი და წამყვანი, ბერდია კუტუბიძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ შოუს წაყვანისას ენით აუწერელი მუხტით ივსება. ამბობს, რომ ამ ადგილმა ძალიან შეცვალა.
ბერდია კუტუბიძე: – დელფინების შემხედვარე ფიქრობ, რომ შენც ტონუსში და მაქსიმალურად კარგ ხასიათზე იყო. მაყურებლის რეაქციები კიდე, სულ სხვა სანახაობაა.
ახლა რეგულაციის გამო 900 მაყურებელი ვერ ესწრება შოუს (ადგილგამოტოვებით ვსვამთ), მაყურებლის რეაქცია ამაღელვებელია. გამოვტყდები, თავიდან თითქოს მეზარება დაწყება, სხვაგვარი მუხტით ვიწყებ შოუს წაყვანას, მაგრამ მაყურებლის რეაქციის შემდეგ ისეთ აზარტში გადავდივარ, რომ აქ მიღებული დაღლა სიამოვნებასაც მგვრის. რომ არა დელფინები და მაყურებლისგან პოზიტიური ენერგიის გაცვლა, ძალიან გამიჭირდებოდა. გემრიელად ვიღლები.
დელფინების შემდეგ ადამიანური და თბილი გავხდი. მივხვდი, რომ არ უნდა დავაბინძუროთ დედამიწა, რადგან ჩვენი დაყრილი ნაგავი ნარეცხის სახით ჩაედინება ზღვებსა და ოკეანეებში, მერე ეს ჩვენ გვიბრუნდება. აზიანებ პლანეტას, პლანეტა გაზიანებს შენ. მოკლედ, დელფინებთან და ზოგადად ცხოველებთან ურთიერთობა ადამიანებს უკეთესებს ხდის.






















