
„არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართვლოში კომენდანტის საათი უნდა დაწესებულიყო. უნდა ყოფილიყო მკაცრი შეზღუდვები შეკრებებზე. პირბადის ტარება სავალდებულო უნდა გამხდარიყო ნებისმიერ ადგილას, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში ეპიდვითარება მსუბუქი იქნებოდა“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში იმდენად რთული ეპიდვითარებაა, რომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი, შესაძლოა, 10 ათასამდე ავიდეს.
– ბატონო ალექსანდრე, საქართველოში ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო მწვავდება. მხოლოდ დღეს ვირუსს 54 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში კი ვირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორ აფასებთ არსებულ ეპიდვითარებას?
-ეპივითარება ძალიან საგანგაშოა. ახლო მომავალში ასეთი დინამიკა გაგრძელდება და შეიძლება, 10 ათასამდეც ავიდეს დღიური მაჩვენებელი. ამჟამად ვიმყოფებით კორონავირუსის გავრცელების პიკში, ეს სიტუაცია ერთი კვირა შენარჩუნდება და შემდეგ, ვითარება სტაბილიზაციისკენ წავა.
თუმცა ეს პროგნოზი მაინც მნიშვნელოვან ფაქტორებზეა დამოკიდებული – რამდენად მოხდება რეგულაციების გაკონტროლება და რამდენად დაიცავს მოქალაქე წესებს.
– საკმარსია თუ არა გუშინ დაწესებული რეგულაციები იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს?
– ეს შეზღუდვები საკმარისი არ არის ეპიდვითარების სწრაფი გაუმჯობესებისთვის, თუმცა ახლა, როგორც აცხადებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სრულ ჩაკეტვა ეკონომიკის გაჩერებას გამოიწვევს.
– გასაგებია, რომ ე.წ ლოკდაუნი ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, მაგრამ იმაზე უფრო მიზანშეწონილ შეზღუდვებზეა საუბარი, ვიდრე 5 კაციან შეკრებაზე პირბადის ტარებაა.
– ეს სადავო საკითხია, მე უფრო მკაცრი შეზღუდვების მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური ზარალი. უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა ყოფილიყო შემოღებული იმისთვის, რომ მიგვეღო მსუბუქი ეპიდვითარება.
– რა რეგულაციები უნდა ყოფილიყო დაწესებული, რათა ეპიდვითარება ასე არ გაუარესებულიყო?
-უნდა ყოფილიყო კომენდანტის საათი შემოღებული. უნდა ყოფილიყო მკაცრი შეზღუდვები შეკრებებზე. პირბადის ტარება სავალდებულო უნდა გამხდარიყო ნებისმიერ ადგილას. სხვა საკითხია, ამ ყველაფრის აღსრულება და გაკონტროლება, როგორ მოხდება. პრობლმებია ამ მხრივ, სახელმწიფოს მიერ რეგულაციების ვერ აღსრულების საკითხი უნდა მოგვარდეს.
– ვაქცინასთან დაკავშირებითაც გკითხავთ, რამდენ ხანში შესაძლებელი აცრიდან რუჯის მიღება?
– იმ ადამიანს, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარა და გავიდა ორ კვირაზე მეტი, თან არ აქვს არანაირი ჩივილები, შეუძლია რუჯის მიღება, რა თქმა უნდა, შესაბამის დროს.
– შესაძლებელია თუ არა მენსტრუაციული ციკლის დროს ვაქცინაციის ჩატარება?
-ეს ინდივიდუალური საკითხია. თუ ადამიანს ამ დროს ჩივილები არა აქვს, შეუძლია აცრის გაკეთება. თუ თავს კარგად ვერ გრძნობს, სჯობს თავი შეიკავოს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























