15:57 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

კომუნიზმის შიზოფრენია: ნაწყვეტი ქართველი წითელარმიელის მოგონებიდან

კომუნიზმის შიზოფრენია: ნაწყვეტი ქართველი წითელარმიელის მოგონებიდან

კომუნიზმი, ყველაზე ფუნდამენტურად თავიანთ ნაშრომებში მე-19 საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა აღწერეს.

 

მათ ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება, რომელსაც შემდგომ მარქსიზმი ეწოდა.

 

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა.

კომუნიზმი და მისი დანაშაულები

 

კომუნიზმის ტრაგედიებით სავსე ისტორია, რომელიც 1914 წელს დაიწყო და 1991 წელს მოსკოვში დასრულდა, სრული მასშტაბით დღესაც დაუდგენელია.

 

ცნობილია კომუნისტური იდეოლოგიის ქვეყნებში მასების და პროლეტაარიატის დიქტატურა როგორ გადაიზარდა მმართველი ძალების დიქტატში, როგორ იქცა რეალური კომუნიზმი დიქტატურისა და ტირანიის სინონიმად.

 

კომუნისტური დანაშაულები მრავალმხრივი იყო:

 

  • კულტურული და რელიგიური საგანძურის ძარცვა-დაზიანება; “ხალხის მტრების” რეპრესიები;

 

  • “ხალხის მტრების” დახვრეტები; კატორღები ციმბირის გულაგებში; “გოლოდომორი” უკრაინაში;

 

  • კომუნისტური საკონცენტრაციო ბანაკები პოლონეთში; ეთნოსების მასიური დეპორტაციები…

 

კომუნიზმის შიზოფრენია

კომუნიზმი და შიზოფრენია

 

 

საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.

 

ამ მეთოდის შესახებ მეტნაკლებად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი. თუმცა, დღემდე არ არსებობდა არანაირი მონაცემები, რეალურად ვინ გადიოდა იძულებით „მკურნალობას“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

 

ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.

 

ამის გასარკვევად პრაიმტაიმმა იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.

 

 

ნაწყვეტი ქართველი წითელარმიელის მოგონებიდან

 

 

1921 წლის თებერვალში საქართველოში „ზარ-ზეიმით“ შემოსულ წითელ არმიაში ბევრი ქართველი მსახურობდა.

 

ერთ-ერთი მათგანი იყო სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე 1950-იან წლებში, პროფესორი სერგო ლეონტის ძე ბერაძე.

 

ის დაიბადა 1900 წელს ქუთაისის მაზრის სოფ.პატრიკეთში, ხელმოკლე გლეხის ოჯახში. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, უსახსრობის გამო გიმნაზიაში სწავლა ვერ გააგრძელა.

 

ქუთაისში წავიდა და მუშაობა დაიწყო სხვადასხვა საწარმოში, ჩვიდმეტი წლიდან კი აქტიურ ბოლშევიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი).

 

საკუთარი მოღვაწეობა დაწვრილებით აღწერა 1957 წელს დაწერილ თხზულებაში – „მოკლე მოგონება საბჭოთა ხელისუფლებისათვის 1917-1921 წლებში ბრძოლის პერიოდიდან“.

 

 

წითელი არმიის შემოსვლა საქართველოში

 

 

„… ჩემი სურვილით, 1920 წლის სექტემბრის დამდეგს შევედი წითელ არმიაში, სახელდობრ, მეთერთმეტე წითელი არმიის ბაქოს მეთაურთა კურსებზე, სადაც ინტენსიურ საკლასო და სამხედრო მეცადინეობას, წვრთნას და ამავე დროს საგარნიზო სამხედრო სამსახურს ვეწეოდით…

 

კურსების უფროსი იყო ლუბანოვსკი, მისი მოადგილე პოლივანოვი, სატყვიამფრქვევო განყოფილების ანუ გუნდის უფროსი – მატვეევი…

 

ჩემს გარდა მეტყვიამფრქვევე ქართველი კურსანტები იყვნენ შალვა ვლადიმერის ძე ცაგარეიშვილი, ბორის გვარამაძე, ბესო სტურუა, ევგებნი ჭელიძე ( იგი ცხენოსანთა განყოფილებაში – ესკადრონში იყო, ეხლა მაიორია, ომგადახდილი, პენსიონერი და ცხოვრობს თბილისში).

 

1921 წლის 19 თებერვალს, ღამე ატყდა განგაში, სადაც ხუთ წუთში უკვე ჩაცმული ვართ, ხოლო პირის დაბანამ გააჭივრა საქმე, პირსაბანიდან საპირფარეშოში რიგია, ყველა ჩქარობს.

 

ეს სამხედრო კურსებია, ყოველი მოქმედება, მოძრაობა წუთებშია გაანგარიშებული. კიდევ ცოტა ხანი და ნაწილები, ჩვენი დანაყოფები ეზოშია გამოსული და სამხედრო წესითაა განწყობილი.

 

პროდასავლური იდეების დისკრედიტაცია რუსეთის მიერ - როგორ იცვლებოდა საქართველოს ისტორია
2020-06-15პროდასავლური იდეების დისკრედიტაცია რუსეთის მიერ - როგორ იცვლებოდა საქართველოს ისტორია

 

კურსები მთელი პირადი შემადგენლობით და ქონებით დაიძრა, გავიდა ქუჩაში, ნაშუაღამევია, ხვალ ოცი თებერვალია, მივდივართ ჩქარა, მაგრამ სად? არავინ იცის.

 

განგაში წინათაც გვქონია, შეჩვეული ვართ, მაჰრამ ეს განსხვავდება, კურსების მთელი შემადგენლობა მიდის, თან მიაქვს მთელი ქონება.

 

ე.ი. გავეცალეთ იქაურობას, სადღაც ახალ ადგილზე მივდივართ, შეიძლება სადმე ბრძლის ველზე, ჩვენც ეს გვინდა, სამხედრო კურსანტები ვართ და ფრონტის არ გვეშინია. რაღაც ახალგაზრდული აღტაცებაა.

 

აჰა, რკინიგზის სადგურზე მიგვიყვანეს, გასაგებია, ბაქოს ვემშვიდობებით, სადღაც მივდივართ, მაგრამ არ ვიცით სად. ეს კია, ცხოვრაბაში ახალი სტრიქონი ჩაიწერება.

 

 

გაურკვევლი გზით, მაგრამ სიმღერით და ცეკვა-ცეკვით

 

 

სანამ მატარებელი ჩამოდგებოდეს და იქ დავბინავდებოდეთ, ჯერ კიდევაა დრო, გაიმართა სიმღერა, იგი შეცვალა გახურებულმა ცეკვა-თამაშმა… ვაგონებში ჩასხედით! გაისმა მეთაურთა ხმა.

 

კიდევ იყვნენ ბიჭები საცეკვაოდ გამზადებული და თავის ჯერს ელოდნენ…მაგრამ ეს შემდეგ…უკვე ვაგონებში ვართ…

 

მიჰქრის მატარებელი, მივდივართ სადღაც…ჩაგვეძინა ტკბილად. მეორე დღეს, ოც თებერვალს დავინახეთ, რომ ჩვენი ეშელონი დასავლეთისაკენ, მაშასადამე, საქართველოსაკენ მიჰქრის.

 

უკვე კიროვაბადში ვართ ( მას ჰქვიოდა მაშინ განჯა ). კიდევ რამდენიმე საათი… და ექსტაფაც გამოჩნდა.

 

ყველაფერი ნათელია – მივდივართ ომში

 

ექსტაფაში მატარებლიდან ჩამოგვსვეს. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მივდივართ ომში, ქართველი მენშევიკების ხელისუფლების წინააღმდეგ ქართველი მშრომელი ხალხის განთავისუფლებისათვის, მათ დასახმარებლად.

 

ომის პირველი ნიშნებიც უკვე სახეზე იყო. პირველი, მენშევიკური ხელისუფლების დამცველებს აუფეთქებიათ ფოილოს ხიდი და იქ მატარებლით გასვლა აღარ შეიძებოდა.

 

მეორე, აქსტაფაში საკმაოდ ბლომად იყვნენ ქართველი ტყვე ჯარისკაცები, რომლებიც წითელარმიელების ბადრაგობით ელოდნენ მატარებლით წაყვანას ზურგის სიღრმეში.

 

ჩვენი ნაწილი, ე.ი. ჩვენი კურსები აქსტაფიდან დაუყოვნებლივ ფეხით წავიდა ყაზახისაკენ. ღამე ყაზახში გავათიეთ.

 

მეორე დღეს, 21 თებერვალს, დილით ადრე დაიძრა ჩვენი ნაწილი, ფეხით გადაიარა წითელი ხიდი, ე.ი. საქართველოს საზღვარზე შევიდა ბორჩალოში და საღამო ჟამს მიაღწია სოფელ კოდს, ე.ი. ბორჩალოდან კოჯრის მისადგომებს.შტაბიც იქ დაბანაკდა.

 

ღამე იქ გავათიეთ. სწორედ ამ ადგილებში ჰქონდა ადგილი ბრძოლებს ჯერ კიდევ ჩვენი ნაწილის მისვლამდეც.

 

ჯერ ერთი, გზაზე, აქსტაფიდან დაწყებული სოფელ კოდამდე, ხშირად გვხვდებოდა ტყვედ ჩავარდნილი თუ ნებაყოფლობით გადასული ქართველ ჯარისკაცთა დიდი რაოდენობა, რომელიც მიყავდა წითელარმიელთა ბადრაგს ზურგში, აზერბაიჯანში.

 

ქართველი ჯარისკაცები ცუდათ იყვნენ ჩაცმული. ფერადი ქეჩის ფარაჯის მაგვარი მოკლე რაღაცა ეცვათ.

იკვებებოდნენ ტაფაში გამომცხვარი სიმინდის ფქვილის გამხმარი მჭადით. შიმშილობდნენ.ბევრ მათგანს ემჩნეოდა უკმაყოფილება მენშევიკურ ხელისუფლების მიმართ.

 

ჩვენ ფრონტზე მივდიოდით, ქართველ ჯარისკაცთა ტყვეები კი იმავე გზაზე წინ გვხვდებოდნენ და აზერბაიჯანში მიდიოდნენ. მსხვერპლი იყო ორივე მხარეზე.

 

22 თებერვალს, 23 თებერვალს, 24 თებერვალს ადგილი ჰქონდა ბრძოლებს, თუმცა 24 თებერვალს, როცა დილით ადრე შემოვლითი მანევრი გააკეთა ჩვენმა ნაწილმა და ბრძოლისათვის უფრო ხელსაყრელი მაღლობი ადგილები დაიკავა, მოწინააღმდეგე უკვე აღარ ჩანდა.

 

მან დასცალა პოზიციები. პანიკურად დაიხია უკან ( ეს ცხადია, შედეგია იმისა, რომ ამ დროისათვის ფოილოს ხიდი უკვე აღდგენილი ყოფილა და ყარაიაზიდან პირდაპირ თბილისისაკენ შეუჩერებლივ მოემართებოდნენ X1 წითელი არმიის სხვა ნაწილებიც ).

 

 

24 თებრვალი – შემოსვლა თბილისში

 

 

24 თებერვალს ჩვენი ნაწილი უკვე კოჯორში იყო. მოვდიოდით ფეხით. საღამოს მივაღწიეთ სოფელ ოქროყანას. ტბილისში რომ შემოვედით, უკვე ღამე იყო.

 

მოსახლეობა ხალისით გვხვდებოდა, გვაწვდიდნენ თამბაქოს და სხვადასხვა რამეებს, მაგრამ არავინ ჩვენთაგანი არაფერს არ კიდებდა ხელს.

 

ეს არც შეიძლებოდა. აკრძალული იყო და არც გვჭირდებოდა. მივედით გვიან ღამე პლეხანოვის ქუჩაზე სამხედრო სკოლის ყაზარმებში და იქ დავბანაკდით.

 

უკვე მალე გათენდა. მაგრამ ეს ახალნაირი გათენება იყო. საქართველოს ცაზე მზის ახალი სხივები ბრწყინავდა, რაც აახალი ცხოვრების დაწყებას აშუქებდა. დაიწყო ახალი ერა. გათენდა ახალი დღე – 25 თებერვალი.

 

საერთოდ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაში ჩვეულებრივ წერენ, რომ საქართველოში მენშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალში აჯანყებულ მუშებს და გლეხებს, თანახმად მათი თხოვნისა, დაეხმარა წითელი არმია.

 

ეს სავსებით სწორია.

 

რატომღაც ჩვენი ისტორიკოსები დუმილით უვლიან გვერდს და არ მოიხსენიებენ იმ ფაქტს, რომ თვით წითელ არმიაში საკმაო ბლომად იყვნენ ქართველები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის.

 

მე მხოლოდ X1 წითელი არმიის ერთი სამხედრო ნაწილის ფაქტი მოვიყვანე, სადაც ხუთი ( და შესაძლოა მეტიც ) ქართველი ვიყავით.

 

კომუნიზმი: ეპოქის მიერ გიჟად შერაცხული ადამიანების ისტორიები
2020-05-26კომუნიზმი: ეპოქის მიერ გიჟად შერაცხული ადამიანების ისტორიები

 

ერთად ვიბრძოდით ფრონტზე და შემოვედით თბილისში. წითელ არმიაში ასეთი ნაწილები რამდენიმე იყო? ამ ნაწილებში მებრძოლი ქართველებიდან შეიძლება მთელი რაზმები შემდგარიყო, რომლებიც მტრები იყვნენ მენშევიკებისა. ამის გარკვევა საჭირო და საინტერესოა.

 

სამართლიანი იქნებოდა აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ ქართველ აჯანყებულ მუშებისა გლეხების დამხმარე წითელი არმიის რიგებში ცოტა როდი იყვნენ ქართველები, რომლების ქართველ მშრომელთა განუყრელ ნაწილს წარმოადგენდნენ.

 

ამით კიდევ მეტად გამოჩნდება ქართველ მშრომელთა შინაგანი სამხედრო რევოლუციური ძალა, მიმართული ქართველი მენშევიკების კონტრრევოლუციური ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

მამის გარდაცვალება და პირველი დავალება

 

 

მე 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგაც წითელი არმიის იმავე ნაწილში განვაგრძობდი სამსახურს.

 

1921 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში, მამის გარდაცვალების გამო, ჩვენი ნაწილის უფროსის ნებართვით, წავედი ჩემს სოფელში 10 დღის ვადით.

 

იქ მამის დასაფლავების შემდეგ, ერთი კვირაც არ იქნებოდა გასული, რომ ერთ კვირა დღეს პატრიკეთის პარტორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ერთი პარტიული დავალების შესრულება მთხოვეს.

 

სახელდობრ, პატრიკეთის თემის კომუნისტებისაგან კომუნართა განსაკუთრებული რაზმის შედგენა ანუ შედგენა ჩონისა ( Часть особого назначения ) .

 

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში თითქმის ყველგან იყო კომუნისტებისაგან შემდგარი ასეთი ჩონები.

 

მათ ჰქონდათ იარაღი და კვირაში ერთხელ ან ორხელ ეწეოდნენ სამხედრო მეცადინეობას. აი, ასეთი ჩონი უნდა შემდგარიყო პატრიკეთშიც და სწორედ მისი შედგენა, ჩამოყალიბება დამავალეს მე, როგორც საქმის მცოდნეს, მათთვის ცნობილ სანდო პიროვნებას.

 

მე მივიღე ეს დავალება.

სწორედ ჩემს სოფელ პატრიკეთში, 1921 წლის აგვისტოს დამლევს, ერთ კვირა დილას, როცა ვასრულებდი პარტიულ დავალებას, მე ვაყალიბებდი, ე.ი. ვადგენდი ჩონს.

 

 

სკოლის აივანზე მქონდა მაგიდა და იქ ვადგენდი ჯერ სათანადო სიებს.

 

ამ წერის დროს ერთ-ერთ პიროვნებას შემთხვევით გაუვარდა რევოლვერი.. ტყვია მომხვდა მე გულმკერდში, ფილტვებში.

წავიქეცი უგრძნობად.

 

მაშინვე ექიმი მოუყვანიათ და მისი თანხლებით, სასწრაფოდ, საკაცურით სისხლიდან დაცლილი, მკვდარ-ცოცხალი წამიღეს კომუნისტებმა, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, ქუთაისის საავადმყოფოში.

 

იქ გადამარჩინეს სიკვდილს სასწრაფო ზომებისა და ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. მაგრამ შემდეგ დაიწყო ტუპერკულოზის პროცესი ტყვიით გაგლეჯილ ფილტვში. დავკარგე ჯანმრთელობა.

 

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ გამოვცხადდი ქუთაისის სამხედრო კომისარიატში, გამატარეს საექიმო კომისიაზე და სამხედრო სამსახურში ჩემი უვარგისობის შესახებ ცნობა გაუგზავნეს თბილისში იმ ნაწილს, სადაც ვმსახურობდი.

 

ამით დამთავრდა ჩემი სამსახური წითელ არმიაში. ე.ი. წითელ არმიაში ვმსახურობდი 1920 წლის სექტემბრიდან 1921 წლის სექტემბრამდე…“

(სტილი დაცულია)

 

რა არის კომუნიზმი

 

 

„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის ეპოქამ გიჟად შერაცხა.

 

 

„პრაიმტაიმის“ პროექტი კომუნისტური შიზოფრენია

 

ავტორი: Prime Time

X