15:30 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

მას ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც – რუსული ოკუპაციის დეტალები საარქივო მასალებიდან

მას ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც – რუსული ოკუპაციის დეტალები საარქივო მასალებიდან

საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.

 

ამ მეთოდის შესახებ მეტნაკლებად ყველა ადამიანისთვისააცნობილი. თუმცა, დღემდე არ არსებობდა არანაირი მონაცემები, რეალურად ვინ გადიოდა იძულებით „მკურნალობას“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

 

ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.

 

ამის გასარკვევად პრაიმტაიმმა იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.

 

 

1918 წ. 26 მაისი – საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად

 

1920 წ. 7 მაისი – რუსეთ – საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა,ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა აზრადაც არ მოსვლია საქართველოს ხელიდან გაშვება;

 

1921 წ. 12 თებერვალი – XI არმიამ ლორედან შეუტია საქართველოს, სტეპანიანმა და მისმა კაცებმა შაგალოს ხიდთან წინასწარ სპეციალურად გახსნილ სამიკიტნოებში დაათვრეს გამარჯვებული ქართველი ჯარისკაცები და მძინარენი ჩაიგდეს ხელთ. შეტევა ბორჩალოს მაზრაში და ვორონცოვკის რაიონში ქართველების მიერ იქნა შეჩერებული;

 

1921 წ. 13 თებერვალი – ქართველები მედგრად იბრძდნენ ვორონცოვკის და სადახლოს სამხრეთით…

 

1921 წ. 18 თებერვალი – წითელმა არმიამ იერიში მიიტანა თბილისის მისადგომებთან და მეხადირთან –  საქართველო საბჭოთა რუსეთს საზღვარზე;

 

1921 წ. 19 თებერვალი – გააფთრებული ბრძოლა თბილისთან მთელი ღამე გაგრძელდა.დამარცხებულმა XI არმიამ უწესრიგოდ დაიხია უკან. ქართველებმა ხელთ იგდეს 1000 ტყვე;

 

1921 წ. 20 თებერვალი – ბრძლები გაგრძელდა გაგრის რაიონში, მეხადირთან, კოჯორთან კი ჩვენებმა ნადავლი – ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები – მოიპოვეს;

 

1921 წ. 21 თებერვალი – ახალი ძალებით მოძლიერებულმა XI არმიამ ორჯერ შემოუტია ქართულ ნაწილებს კოჯორში, ორივე შეტევა მოგერიებულ იქნა ხელსასროლი გრანატებითა და ხიშტით შეტაკებით. დილის 8 საათზე მტერმა უკან დახევა დაიწყო. პარალელურად რუსეთმა გააგრძელა შეტევა ადლერის მხრიდან.

 

1921 წ. 22 თებერვალი – ქართულმა ჯარმა დაიკავა კუმისი და წალასყური. ხელთ ჩაიგდეს 8 ტყვიამფრქვევი, 3 ოფიცერი, 53 წითელარმიელი. შეიქმნა გლეხთა პარტიზანული დაჯგუფებები.

 

1921 წ. 23 თებერვალი – თბილისთან სიწყნარე იყო, საღამოს მტერმა საგარეჯოს შეუტია, გლეხები პარტიზანულად იბრძოდნენ. დარიალში რუსები უკუაგდეს, გაგრაში წითელარმიელები გააქტიურდნენ.

 

1921 წ. 24 თებერვალი – ქართველების მთავარ შტაბში თავყრილობა იყო. ესწრებოდნენ: მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე, შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი გედევანიშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი ნოე ჟორდანია, მისი ადიუტანდი კოტე იმნაძე, გენერალი ჯიჯიხია ( ვაზიანის ფრონტი ).

 

ამ უკანასკნელმა პატაკი გადასცა მთავარსარდალს, ბოლშევიკები უკუაგდესო, გენ.კვინიტაძე, კი ხელი ჩაიქნია და თქვა: „Всо равно… Я отступаю“ და დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილების სისწორე.

 

ყველას თავზარი დაეცა, გენერალი ოდიშელიძე შეეწინააღმდეგა, „უმჯობესია თბილისის წინ სასახელოდ დავიხოცოთო“, მაგრამ მთავარსარდალს მაინც ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც.

 

(1921წ. მენშევიკები ტოვებენ ბათუმს)

 

მან დამფუძნებელ კრებას აუწყა ქართული ჯარის უკან დახევის და თბილისის დატოვების აუცილებლობა, და რომ უკან დახევა დაიწყებოდა ღამის 12 საათზე… ჩოჩქოლში ვეშაპელმა იკითხა, ვისი ინიციატივით მოქმედებდნენ ასე, „ასეთია მთავარსარდლის ურყევი გადაწყვეტილება, თუ ეს არ მოგწონთ, მას გადავაყენებ და თქვენ დაგნიშნავთ… ან სხვა ვინმეს, ვისაც ინებებთ…“ იყო ჟორდანიას პასუხი.

 

1921 წ. 17 მარტი – დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა;

 

1921 წ. მარტი – წითელმა არმიამ მთელი საქართველო დაიპყრო;

 

რამდენიმე დღით ადრე, 1921 წ. 25 თებერვალს – საქართველო საბჭთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. მას ჰყავდა ქართული მთავრობა, 1922 წლის მარტში მიიღეს კონსტიტუცია, სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა, ფუნქციონირებდა ქართული ფულიც. ქვეყნის დამოუკიდებლობა  1921 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით ცნო საბჭთა რუსეთმა. მართალია, ფორმალურად, იურიდიულად საქართველო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობის სტატუსს, მაგრამ რეალური ვითარება სხვაგვარი იყო.

 

რაც მთავარია, საბჭოთა რუსეთის წითელია არმია საქართველოდან არ გაუყვანიათ, ეს კი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

 

წითელი არმია საქართველოში ლენინის მოთხოვნით დარჩა, რადგან გაღატაკებულ, ბრძოლებისგან დაუძლურებულ აზერბაიჯანს მისი მიღება აღარ შეეძლო (XI არმია სწორედ აზერბაიჯანიდან შემოვიდა საქართველოში). ბელადმა ორჯერ, 1921 წლის 29 და 30 მარტს მოსწერა ორჯონიკიძეს: „სრულიას შეუძლებელია XI არმიის დაბრუნება დამშეულ  და გაძარცვულ აზერბაიჯანში. მიიღეთ უაღრესად ენერგიული ზომები, რათა ეს არმია დატოვებულ იქნეს საქართველოში“…

 

ასე დარჩა XI არმია მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოში, დარჩა და… რეპრესიებიც დაიწყო…

 

ანგარიშსწორებას ვერავინ გადაურჩა. ძირითადი დარტყმა ახალგაზრდა თავადაზნაურობამ მიიღო. ნიკოლოზ მიხეილის ძე მინგრელსკი, 43 წლის, თავადი, ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი, 28 წლის, თავადი, მიხეილ ალექსანდრეს ძე ჩიკვაიძე , 26 წლის, თავადი, ნახარბეი კაზილბეკის ძე მარშანია, 45 წლის, თავადი; ანტონ ივანეს ძე ჩხეიძე, 28 წლის, თავადი; ვლადიმერ ლუკას ძე მაჭავარიანი, 34 წლის, თავადი; პეტრე მიხეილისძე ფავლენიშვილი, 42 წლის, თავადი; დიმიტრი დავითის ძე ბეჟანიშვილი, 36 წლის, თავადი; ივანე ლაზარეს ძე ჭალაგანიძე, 27 წლის, თავადი; დიმიტრი დავითის ძე ალშიბაია, 23 წლის, აზნაური; ვლადიმერ გუგუშვილი, 38 წლის, თავადი; რევაზ გიორგის ძე გიგინეიშვილი,23 წლის, თავადი;  ნიკოლოზ ფარსადანის ძე წერეთელი, 28 წლის, თავადი; გიორგი მიხეილის ძე ავალიანი, 27 წლის, თავადი; დავით მელქისედეკის ძე წულუკიძე, 23 წლის, თავადი; – აი ეს გახლავთ უმცირესი ჩამონათვალი იმ უდიდესი მსხვერპლიდან, რომელიც XI არმიის შემოსვლას მოჰყვა საქართველოში.

 

ერთ-ერთი მათგანი, პეტრე მიხეილის ძე ფავლენოვი,იგივე ფავლენიშვილი, 42 წლი, წარმოშობით თავადი გორის მაზრიდან, სპეციალობით იურისტი (მიღებული ჰქონდა სანკტ-პეტერბურგის საინპერატორო უნივერსიტეტის სამი კურსის განათლება), 1914 წლამდე მუშაობდა პეტროგრადის საოლქო სასამართლოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სწავლა გააგრძელა გატჩინის სამხედრო სკოლაში, მისი დამთავრების შემდეგ გადაიყვანეს პეტროგრადის სამხედრო სასწავლებელში, 1917 წლამდე მსახურობდა რუსული არმიის სხვადასხვა ნაწილში, შემდეგ კი გადმოყვანილ იქნა ვლადიკავკაზში კონტრდაზვერვის განხრით.

 

როგორც ჩანს, აქ რუსეთის სოციალისტურმა რევოლუციამ მოუსწრო, იგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან და 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში, თბილისში. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ძველი რუსული არმია ტოვებდა კავკასიას და ყალიბდებოდა ქართული ჯარი.

 

ფავლენოვი, როგორც ოფიცერი და გამოცდილი სპეციალისტი, ბაგრატიონ-დავიდოვმა მიიწვია კონტრდაზვერვის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

 

ამ დროიდან მოყოლებული ფავლენიშვილი წარმატებით ახორციელებდა მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას, მაგ. ერთ-ერთი ასეთი იყო ვლადიკავკაზში სამხედრო მისიით წასული და დაკარგული ბაგრატიონ-დავიდოვის მზვერავის, წარმოშობით ლიტველი მალლერ გუგოს კვალის მოძებნა (მალლერ გუგოს საქმეც დაცულია შსს არქივში).

 

მიუხედავად იმისა, რომ ფავლენიშვილს ჰქონდა მცირედი უსიამოვნებები სადაზვერვო უწყების უფროს ჩეჩელაშვილთან, გვარდიიდ მეთაურ ბაქრაძესთან, ის მაინც ბაგრატიონ-დავიდოვის რჩეული იყო. იმ ხანად ბათუმში კონტრდაზვერვას სათავეში ციციანოვი ედგა.

 

მისი მუშაობით უკმაყოფილო ხელმძღვანელობამ მდგომარეობის გამოსასწორებლად 1921 წ. იანვარში ფავლენიშვილი გაგზავნა ბათუმში. ორ-სამ თვეშ მან ბევრი კარგი რამ გააკეთა. XI არმიის საქართველოში შემოსვლამ ფავლენიშვილს ბათუმში მოუსწრო.

 

შეეცადა ემიგრაციაში წასვლას, მაგრამ დაბრკოლებების გამო სადგურ ნატანებში ჩარჩა. ამის შემდეგ მან ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება, არ დამალულა, ბოლოს დააპატიმრეს. ეს მოხდა აპრილში. გთავაზობთ მის თხოვნას, მიწერილს საქართველოს რევკომის თავჯდომარისადმი:

„4 დღე არის რაც ჩამოვედი მე ბათომიდან, სადაც ვიყავი გაგზავნილი კომანდიროვკაში 22 იანვარს. მე ვსახურობდი კონტრდაზვერვის ნაწილში გენერალურ შტაბის განყოფილებაში საქართველოს სამხედრო სამინისტროში. ჩამოსვლის შემდეგ მე გამოვცხადდი რეგისტრაციაში და მივიღე ანკეტა.

 

რადგანაც მე მითხრეს რომ უნდა გამოცხადდეთ საგანგებო ნაწილშიო. მე თითნ მივედი 10 აპრილს ამხ. ნიკოლაევთან, რომელმაც ემსააც დამატუსაღა.

 

მე ჩემს დღეში არ ჩამიდენია იმისთანა არაფერი რაზედაც შეეძლოთ ჩემი დატუსაღება. თუ იმიტომ დამიჭირეს, რომ მე ოფიცერი ვარ და ვსახურობდი კონტრდაზვერვის ნაწილში – მაგაზე მე მგონია რომ არ უნდა დამიჭირონ რადგანაც გამოცხადებულია ამნისტია.

 

თუ სხვა რამე ბრალმდება – გეფიცებით სამშობლოს რომ სულ ტყუილი იქნება და ალბათ ტყუილათა ვარ დაბეზღებული ვიღაცისაგან. მე მინდოდა კიდეც შევსულიყავი სამსახურში თხოვნით და კეთილ გულით მემსახურა. გთხოვთ უმორჩილესად, როგორც ქართველი, გამათავისუფლოდ.“

 

( სტილი დაცულია )

 

დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმე განსახილველად გადაეცა XI არმიის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას. ამავე დადგენილებას ადევს 1921 წლის 15 ივნისით დათარიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც პეტრე ფავლენიშვილს მიესაჯა დახვრეტა!

 

27 წლის მარტვილელი თავადი ივანე ლაზარეს ძე ჭალაგანიძე 1921 წლის 14 აპრილს დაიჭირეს, გაუხსენეს და ბრალად წაუყენეს 1918 წლის ამბავი – ალექსანდროვის ბაღში შეკრებილი კომუნისტების დარბევა და განსაკუთრებული განყოფილების უფროს კედიას საიდუმლო აგენტობა.

 

„არაფერი დანაშაურობა არ მაქ, ღირსეულ სიკვტილს არ გავექცევი“ - კომუნიზმს შეწირული კოწია დადეშქელიანის წერილი
2020-06-22„არაფერი დანაშაურობა არ მაქ, ღირსეულ სიკვტილს არ გავექცევი“ - კომუნიზმს შეწირული კოწია დადეშქელიანის წერილი

 

თუმცა, მისი ბიძა, მე-9 უბნის კომისარიატის საქმეთა მწარმოებელი რაჟდენ ჭალაგანიძე შინაგან საქმეთა სახალხო კომისრისადმი მიმართულ განცხადებაში თავის ძმისშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს:

 

„… გუშინ მოსულან ჩეკიდან, მოუხთენიათ ჩხრეკა, ვერ უპოვნიათ არას ფერი გარდა საფშვიტინებელის და რევოლვერის ჩამოსაკიდი ზონარისა, მაგრამ მაინც დაუჭერიათ და წაუყვანიათ ჩეკაში ისე როგორც კონტრრევოლუციონერი.

 

შემიძლია დაგარწმუნო ბ-ნო კომისარო, რომ ის არ არის არც ერთი პარტიის, არც კი ესმის თუ რა არის პარტია, არც კონტრრევოლუციონერია და არც შეუძლია მიაყენოს რომელიმე პარტიას, მით უმეტეს საბჭოთა მთავრობას  რაიმე მავნებლობა. მას იჭერენ მხოლოდ და მხოლოდ ჯიბგირების, ქურდების, რომელთაც ის იჭერდა, დაბეზრებით

 

გიცხადებთ რა ამას, უმორჩილესად გთხოვთ, ბ. კომისარო, მოახდინოთ განკარგულება, რათა საქმის გამოძიებამდე, მე, როგორც თანამშრომელს რწმუნებულ თქვენდამი კომისარიატისა, მომცეთ თავმდებლობით იმ პირობითმ რომ, თუ ის გამტყუნდება რაიმე საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებაში, წარმოვადგენ პირველ მოთხოვნილებისამებრ.“

 

ივანე ჭალაგანიძეს დაუმტკიცეს დანაშაული. დასკვნით დადგენილებაში ვკითხულობთ:

 

კონტრრევოლუციონერობა ჩაეთვალოს დამტკიცებულად. ეკუთვნის დახვრეტა, მაგრამ ამნისტიის გამო მიესაჯოს საქართველოდან გაძევება…“

 

სწორედ ზემოხსენებული ამნისტიის (იგულისხმება 1921 წლის 25 თებერვლის ამნისტია) და საქართველოს რევკომსა და დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1921 წ. 18 მარტს დადებული ხელშეკრულების, როგორც უსაფრთხოების გარანტის, იმედი ჰქონდათ საქართველოში დარჩენილ ძველ სახელმწიფო მოხელეებს, მაგრამ ამაოდ…ციხეები გაივსო პატიმრებით…

 

შსს არქივში დაცულია მეტეხის ციხის პატიმართა მიმართვა საქართველოს რევკომის თავჯდომარისადმი, დათარიღებული 1921 წ. 12 ივლისით.

 

დოკუმენტი ობიექტურად ასახავს იმდროინდელ ვითარებას, გთავაზობთ თითქმის სრული სახით

 

(სტილი დაცულია)

 

„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის რეპრესიებმა შეიწირა და გიჟად შერაცხა.

 

ლია კერესელიძე – „პრაიმტაიმის“ პროექტი კომუნისტური შიზოფრენია

 

ავტორი: Prime Time

X