„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
საარჩევნო სიაში პიანისტი ელისო ბოლქვაძეც იქნება. ის პარტიული სიის 32-ე ნომერია
პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს; ასპირანტურა 1992 წელს.
1994-1995წწ. მუშაობდა პედაგოგად; მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში; ჰქონდა სოლო-კონცერტები (ძირითადად საზღვარგარეთ), ღია გაკვეთილები, კონცერტები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი შესრულებით ჩაწერილია კომპაქტური დისკები “არტ ენდ ელექტრონიქსში”(1990), რომელიც კალიფორნიაში დაიბეჭდა; ხუთი კონცერტი ჯანსუღ კახიძესთან ერთად “Sony Clasical”-ში; “Radio France”-ში პარიზში გამოვიდა ლონგის კონკურსის ლაურეატების ჩანაწერი, რომელშიც მისი ფინალის კონცერტია ჩაწერილი(1995).
პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს – მიშელ სონის, რომელთანაც იგი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ “SOS Talents”-ის პროექტში.
პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში – ევროპას, ამერიკასა და რუსეთში; იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან; ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე.
არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები რეგულარულად გადაიცემა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე.
























