
ამსტერდამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსების მიმართ იმუნიტეტს ადამიანი, სავარაუდოდ, ექვს თვეზე მეტხანს არ ინარჩუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მეცნიერების განცხადებით, კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ქვეყნის ინიციატივა, ახალი კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს ე.წ. იმუნიტეტის პასპორტები გადასცენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასევე, საეჭვოა ე.წ. მასობრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების იდეაც.
„იმუნიტეტი თუ შეიძლება, ექვს თვეში გაქრეს, ფუნქციონალური მასობრივი იმუნიტეტის მიღწევის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა“,- აცხადებენ მეცნიერები.
კვლევაში 35 წელს გადაცილებული 10 მამაკაცი მონაწილეობდა.
მათი ასაკი 27-40 წლამდე მერყეობდა. კვლევის მიზანი ინფექციისგან განკურნების შემდეგ სხეულში წარმოქმნილი ანტისხეულების დონის დადგენა იყო.
კვლევაში მონაწილე პირებს კორონავირუსზე ტესტი სამი და ექვსი თვიანი ინტერვალით გაუკეთეს.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ „კორონავირუსების მიმართ დამცავი ძალიან მოკლე პერიოდი გრძელდება, რაც საგანგაშოა“.
„ადამიანების კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევები განკურნებიდან 12 თვეში ხშირია, ხოლო ანტისხეულების დონე ინფექციის დაძლევიდან ექვს თვეში საგრძნობლად იკლებს“,- ამბობენ მკვლევარები.
ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანებში გავრცელებული კორონავირუსები ბიოლოგიურად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
„მიუხედავად ამისა, ყველა მათგანის იმუნიტეტის ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება.
თუ SARS-CoV-2 მომავალში სეზონუად იქცევა მაშინ მოსალოდნელია, რომ მის მიმართ იმუნიტეტიც მოკლე ხანს შენარჩუნდება“,- აცხადებენ მეცნიერები.























