
ჩცდ”-ში ლამარას როლის შემსრულებელს, ზუგდიდის თეატრის მსახიობს – მარინა დარასელიას კორონავირუსი სამეზობლოს კლასტერიდან გადაედო. როგორც ამბობს, მის მეზობლად, კოვიდინფექცია, მთელ ოჯახს აღმოაჩნდა. პირველი ტესტის აღებიდან 12 დღე თვითიზოლაციაში გაატარა. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” იხსენებს, სექტემბრის ბოლოს, ზუგდიდში, რეგულაციების დაცვა არ ხდებოდა.
მარინა დარასელია: – მდინარეში დამხჩვალი ახალგაზრდა ბიჭის გასვენებაში მთელი ზუგდიდი იყო. იქ ყველამ გადავკოცნეთ ერთმანეთი, არანაირი დისტანცია არ დაგვიცვია. ბათუმიდან ჩამოსული სტუმრები ვნახეთ… მეორე დღეს, 21 სექტემბერს, მამიდაჩემის წლისთავზე, მართალია, ძალიან ცოტანი ვიყავით, მაგრამ მეზობელი ბიჭიც იყო მოსული. სავარაუდოდ, ჩემს სახლში, უშუალოდ მისგან მოხდა ვირუსის გადადება.
22 სექტემბერს ამ ბიჭს დაუდგინდა კორონავირუსი. 23 სექტემბერს მთელ სამეზობლოს აგვიღეს ტესტი – უარყოფითი პასუხი გვქონდა. განმეორებით 2 ოქტომბერს ჩამიტარდა ტესტირება. წინა დღეს კოკისპირულ წვიმაში მოვყევი. სულ დავსველდი. აქ ცხელოდა იმ პერიოდში და გაციების არც კი შემშინებია. რატომღაც მჯეროდა, რომ მე, მარინა დარასელიას კორონავირუსი არ დამემართებოდა. ამ რწმენით დავდიოდი.

საღამოს ყელის ტკივილი დამეწყო! საერთოდ, ყელი ჩემი სუსტი ადგილია და ეს მაციებს. მაგრამ მსგავსი ყელის ტკივილი მე აქამდე არ მქონია. სხვანაირი შეგრძნება მქონდა, ვერც აღვწერ. ასეთი დისკომფორტი მე აქამდე არ გამიცდია!
მეორე დღეს მაღაზიაში საყიდლებზე გავეშურე, მირეკავენ და მატყობინებენ, ახლავე სახლში დაბრუნდით, თქვენი ქუჩაში ყოფნა არ შეიძლება, კორონავირუსი აღმოგაჩნდათო! ეს იყო თავზარდამცემი. იმ მომენტში ისეთი სტრესი მივიღე, რომ აღარაფერი არ მახსოვს…
სახლში მისულს სიცხემ ამიწია. ერთ საათში სახსრების ტეხვა დამეწყო. სახსრების ანთება ქრონიკული მაქვს. ორგანიზმში ვირუსი ვიგრძენი. ოჯახის ექიმთან მქონდა სატელეფონო კონტაქტი, ჯანაცვის სამინისტროდანაც დამირეკეს. ზუგდიდში ყველა მიცნობს და უცებ გაიგეს, მარინა დარასელიას კორონავირუსი აღმოაჩნდაო. ტელეფონი აფეთქდა, ვინ არ დამირეკა…
მსახიობი სოფელი რუხის კლინიკაში გადიყვანეს. საბედნიეროდ, მის ოჯახის წევრებს ვირუსი არ გადასდებიათ. დღეს უკვე მეცამეტე დღეა, რაც კლინიკაშია. ამბობს, რომ თავს ჩიტივით გრძნობს.
მარინა: – გადასარევ ხასიათზე ვარ, დღეს განწყობა ამიმაღლდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან დათრგუნული ვიყავი. ეს კოვიდი ფსიქიკაზე მოქმედებს. მეშვიდე დღეს ყნოსვა და გემოს აღქმა დავკარგე. უკვე ყველაფერი აღმიდგა. სიცხე აღარ მაქვს, ღვთის წყალობით. სითხეების მიღება მსიამოვნებს – ჩაის, ყავის… მალამოსავით მედება ორგანიზმში.
არაჩვეულებრივი გარემოში ვარ, თან მყვებიან. თან მცნობენ, ფოტოებიც გადაიღეს ჩემთან.
დღეს პირველი დღეა წამალი და გადასხმა არ გაუკეთებიათ. თრომბი რომ არ დამემართოს, სისხლის გამათხელებელს მიკეთებენ მხოლოდ. კლინიკიდან გაწერას ხვალ ან ზეგ ველოდები უკვე. მოკლე, ჩიტივით ვარ.























