
კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც ფილტვების ანთებაზე მკურნალობდა. პაციენტს PCR ტესტი ორჯერ ჰქონდა ჩატარებული და ორივე პასუხი უარყოფითი იყო.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა, კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა imedinews-სთან საუბრისას თქვა, რომ კლინიკიდან პაციენტი მეშვიდე დღეს გაწერეს. მეცამეტე დღეს კი მას განმეორებითი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მცხეთის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც იმყოფებოდა იზოლაციაში.
ის იყო თეთრიწყაროდან და პირველი PCR ტესტი სწორედ იქ ჩაუტარდა. თეთრიწყაროდან ის გუდაურის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. იქ იყო რამდენიმე დღე.
შემდეგ დაეწყო შემცივნება, რის გამოც მცხეთის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მცხეთა კიდევ ჩაუტარდა PCR ტესტი და კოვიდინფექცია კიდევ არ დაუდასტურდა. შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს პნევმონიით. ეს პაციენტი მივიღეთ 1-ელ მაისს. 7 დღე ვუმკურნალეთ და გამოჯანმრთელებული გავწერეთ.
ის ისევ თვითიზოლაციაში დაბრუნდა. მას არ ჰქონდა არც ხველა და არც სიცხე. როდესაც ამ ქალს თვითიზოლაციის დრო ეწურებოდა, როგორც წესია, აუღეს საკონტროლო ანალიზი და უკვე მეცამეტე დღეს ტესტმა დადებითი აჩვენა.
ჩვენს კლინიკაში ის იზოლირებული იყო, მას კილინიკიდან ინფექცია არ გადაედებოდა. ასევე ის მცხეთის ცხელების ცენტრიდან წესების სრული დაცვით შემოიყვანეს“, – აღნიშნა ზაზა ლურსმანაშვილმა.
დღეს კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4769 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3























