19:37 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

კორონავირუსი ძალიან აჟიტირებულადაა აღქმული – გიორგი გოცაძე

კორონავირუსი ძალიან აჟიტირებულადაა აღქმული – გიორგი გოცაძე

მგონია, რომ კორონავირუსი ძალიან აჟიტირებულადაა აღქმული და ადამიანების 80%-ს ეს დაავადება ისე ემართება და გადაიტანეს, რომ საერთოდ არ სჭირდებათ მკურნალობა – ამის შესახებ „კურაციოს“ დირექტორმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გიორგი გოცაძე მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს სიცხე აქვს და სხვა არაფერი აწუხებს, ექიმთან მისვლა აუცილებელი არაა. მისი თქმით, კორონავირუსის მკურნალობის საშუალება არც არსებობს და შესაბამისად, ის არის გრიპი, რომელიც 80%-მა გადაიტანა.

 

„კი, მთავარი არის ეს 20%, რომელსაც სჭირდება სამკურნალო დახმარება და სწორედ აქ არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ თუ გვაქვს უბრალო სიცხე და თუ სხვა არაფერი გვაწუხებს, შეიძლება ცოტა ყელი გვტკიოდეს, არ არის აუცილებელი გავიქცეთ ექიმთან, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ დავინფიცირდეთ. მეორე, ეს ინფექცია არ მოვიტანოთ სახლში, რაც მოხდა ჩინეთში“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

 

გიორგი გოცაძე აღნიშნავს, რომ პრემიერთან შეხვედრისას მოსალოდნელ დატვირთვებზე ისაუბრეს, რისი წინასწარ განსაზღვრაც კლინიკებს ჰოსპიტალური მობილიზების საშუალებას აძლევს. „კურაციოს“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დისტანცირებისა და თვითიზოლაციის მექანიზმი მუშაობს.

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება.

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

ავტორი: Prime Time

X