12:08 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კორონავირუსი იტალიაში ბევრად ადრე, დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს! – მეცნიერების კვლევა

კორონავირუსი იტალიაში ბევრად ადრე, დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს! – მეცნიერების კვლევა

ახალი კორონავირუსისგან ყველაზე ძლიერი დარტყმა იტალიამ მიიღო, სადაც კოვიდ-19-ის დიაგნოზით სულ მცირე 7 500 ადამიანი დაიღუპა – ორჯერ მეტი, ვიდრე ჩინეთში.

 

ამასთან ოფიციალური სტატისტიკა მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს აღრიცხავს. რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს.

 

„კოვიდ-19-ით თითოეულ დაღუპულზე, პლიუს სამი ადამიანი მოდის, რომლებიც პნევმონიისგან სახლში, ტესტების ჩატარების გარეშე დაიღუპა“, – განაცხადა ლომბარდიაში ქალაქ ბერგამოს მერმა ჯორჯო გორიმ.

 

ოთხშაბათს, ლომბარდიაში 32 ათასი შემთხვევა და 400-ზე მეტი სიკვდილის ფაქტი დადასტურდა. მას შემდეგ ზრდის „ოფიციალურმა“ ტემპმა ოდნავ იკლო, თუმცა იტალიელ ექიმთა ფედერაციის პრესმდივნის, პაოლა პედრინის ცნობით, რეალურად სიტუაცია გაცილებით რთულია.

 

„დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღერიცხება, რადგან მათ უბრალოდ არ უტარდებათ ტესტი. თუ პირველ კვირებში რეალურ ციფრს ვასახელებდით, დღეს ეს რიცხვი დაახლოებით ათჯერ მეტია“, – განაცხადა პედრინიმ. თუ პედრინის დაანგარიშება მართებულია, იტალიაში დაინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა მილიონს აღწევდეს.

 

რატომ მაინც და მაინც იტალია? ზუსტი პასუხი ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვერსია.

 

ფარული ეპიდემია – ვირუსი ინკოგნიტო

 

იტალიაში კოვიდ-19-ის პირველი დიაგნოზი ქალაქ კოდონოში 20 თებერვალს დასვეს. იმ მომენტისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინფიცირების დაახლოებით 70 ათასი შემთხვევა იყო გამოვლენილი, ამათგან 90%-ი კი ჩინეთში.

 

ერთი თვის შემდეგ, იტალიაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 50 ათასით გაიზარდა. ასეთი სწრაფი ზრდის ახსნას იტალიელი მეცნიერები შეეცადნენ. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ის პირველი დიაგნოზის დასმამდე, პროვინცია ლომბარდიაში ვირუსი „ინკოგნიტოდ“ არსებობდა, ანუ მისი დიაგნოსტირება არ მომხდარა და თითოეული მატარებელი, საშუალოდ კიდევ სამ ჯანმრთელს აინფიცირებდა.

 

გამოკვლეულ პაციენტთა საშუალო ასაკი 69 წელია, თუმცა მათ შორისაა რამდენიმე თვის ჩვილი და 101 წლის ქალიც. კვლევის ავტორები ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა მათი თქმით, აფეთქება 20 თებერვლამდე ბევრად ადრე მოხდა.

 

ფილადელფიის უნივერსიტეტის პროფესორი ენრიკო ბუჩი, უფრო ზუსტ თარიღს ასახელებს. მისი თქმით, SARS-CoV-2 იტალიაში დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს. პროფესორმა ყურადღება მიაქცია სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ქალაქ პიაჩნცაში, კოდონოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პნევმონიის დიაგნოზით, ერთდროულად მკურნალობას გადიოდა 40-მდე პაციენტი – ადგილობრივი პრესა იმ პერიოდში ამაზე წერდა. 

 

თებერვლის ბოლოს, პნევმონიისგან განკურნებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები უპოვეს, რამაც ბუჩის ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა – ამ ადამიანებმა გადაიტანეს კოვიდ-19 მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას სახელი დაარქვა.

 

ნოყიერი ნიადაგი კორონავირუსისთვის

 

ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ გენეტიკური ანალიზით დასტურდება, რომ კორონავირუსი იტალიაში ჩინეთიდან ჩავიდა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნებშიც ვირუსი დაახლოებით დეკემბრის შუა ან ბოლო რიცხვებში გავრცელდა, თუმცა ზუსტად იტალიაში დაეცა კორონავირუსი ყველაზე ნაყოფიერ ადგილას.

 

ბოლო წლების განმავლობაში, იტალიაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპისგან გარდაცვალების რიცხვი, განსაკუთრებით მოხუცებულებში (65+), დაახლოებით ორჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. გასული წლის ნოემბერში, იტალიელ ექიმთა გუნდმა დათვალა, რომ 2013-2017 წლებში გრიპმა 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

2016-2017 წლის ზამთარში, იტალიაში, გრიპისგან 100 ათას მოსახლეზე საშუალოდ 40 შემთხვევა ფიქსირდებოდა. შედარებისთვის: მსოფლიოში ძუძუს ან პროსტატის კიბოსგან ყოველ 100 ათას ადამიანზე 10 შემთხვევა მოდის, მალარიისგან 20, ტუბერკულიოზისგან 25, შიდსისგან – 44.

 

ამას რამდენიმე სავარაუდო ახსნა აქვს:

 

უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის საშუალო ასაკი. „სიკვდილიანობის დიდ მაჩვენებელს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ თუ გავითვალისწინებთ იტალიაში მცხოვრები სუსტი ჯანმრთელობისა და მოხუცებულების რაოდენობას“, – წერენ მკვლევარები.

 

თუ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების საშუალო ასაკი 63-ია, გერმანიაში ეს 45 წელია.

 

მეორე სავარაუდო მიზეზი –  ანტიბიოტიკების გადაჭარბებულად მიღება. ეს პრეპარატები არ მოქმედებენ ვირუსზე, მაგრამ ქმნიან რეზისტენტულ ინფექციებს, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან გაამძაფრონ დაავადებული ადამიანის მდგომარეობა.

 

სტატისტიკის მიხედვით, იტალიელები, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საშუალოდ ორჯერ მეტ ანტიბიოტიკს იღებენ. არც არის გასაკვირი, რომ იტალიურ კლინიკებში რეზისტენტული ინფექციები ასევე მეტჯერ გვხვდება.

 

სხვადასხვა ექსპერტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ახალი კორონავირუსის მარცვალი დაეცა იტალიაში, სადაც ნოყიერი ნიადაგი კარგად იყო გამზადებული. გარდა ამისა, ეპიდემიის მასშტაბურ გავრცელებას, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, საფუძვლად დაედო 19 თებერვალს, მილანში ჩატარებული საფეხბურთო მატჩი. ბერგამოდან თამაშის საყურებლად 50 ათასი ადამიანი ჩავიდა – მათი უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

პირველ იტალიელი პაციენტს, ალზანო ლომბარდოს ახალი კორონავირუსი მეორე დღეს დაუდასტურდა.

 

 

წყარო: BBC

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X