16:19 | 2021-02-02 ავტორი: თამარ გონგაძე

„კორონავირუსი მეც შემეყარა. გული მწყდება, რომ ჩემი მეგობარი ნაადრევად წავიდა” – ვაჟა აზარაშვილი თემურ წიკლაურს იხსენებს

„კორონავირუსი მეც შემეყარა. გული მწყდება, რომ ჩემი მეგობარი ნაადრევად წავიდა” – ვაჟა აზარაშვილი თემურ წიკლაურს იხსენებს

თემურ წიკლაური სხვა კომპოზიტორებთან ერთად ვაჟა აზარაშვილის სიმღერებსაც ასრულებდა. მათ შორის, ფეხბურთის ჰიმნად ქცეულ „დინამო, დინამოს” და სიმღერას „დედაზე”. 84 წლის კომპოზიტორი გულისწყვეტით იხსენებს თემურს და თავის ავადმყოფობაზეც საუბრობს.

 

ვაჟა აზარაშვილი: – უნიჭიერესი, ინტელექტუალური მომღერალი იყო. დიდი პიროვნება გახლდათ. ბრწყინვალედ ასრულებდა ჩემს სიმღერებს, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლებს. განსაკუთრებულად ითამაშა „ფიროსმანი”.

 

ლირიული იყო, სახასიათო თუ პათეტიური, ყველაფერს კარგად ასრულებდა.

 

დავალებული ვარ თემურთან, ჩემი ბევრი სიმღერა შეასრულა… ჩვენებმა ერევანს სამით ნოლი რომ მოუგეს, მაშინ დავწერე სიმღერა „დინამო”. ქუჩაში შემხვდა ჯემალ ბაღაშვილი და ჩვენთან მოიტანე, „ივერიაშიო”, მითხრა. მივიტანე და იქვე მოხდა მისი განაწილებაც, სპონტანურად. ჩაიწერა და მერე ამ სიმღერამ წარმატება მოუტანა ჩვენს საფეხბურთო გუნდს, კარგად დაებედათ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ. დიუსელდორფში ევროპის თავი მოიპოვეს, იქ მეც გახლდით.

 

საოცრად იმღერა ჩემი სიმღერა დედაზე. ემოციურად მღეროდა.

 

საქართველოს სიყვარულში მთელი რიგი სიმღერები ჰქონდა ჩაწერილი. დიდი პატრიოტი იყო. ქართველი კომპოზიტორების ერთგული იყო.

 

გული მწყდება, რომ ჩემი უმცროსი მეგობარი ნაადრევად წავიდა. კიდევ შეეძლო ბედნიერება მოენიჭებინა ჩვენთვის. ჩაწერდა ბევრ ახალ სიმღერას… გული დამწყვიტა. თემურს თავისი კაცობისა და მაღალი შემოქმედების გამო მთელი საქართველო დასტირის…

 

დიდი ტრავმა ჰქონდა მიღებული. თითქოს დაძლია, მაგრამ ადამიანია, რკინა ხომ არ არის. პერიოდულად იავადმყოფა. სხვათა შორის, მეც შემეყარა კორონავირუსი.

 

16 დღე ვიწექი ინფექციურში. სიგარეტს არ ვეწევი და შედარებით იოლად გადავიტანე. შემხვედრი ავადმყოფობა არაფერი მქონია. ყოველდღიურად მიკეთებდნენ ანალიზებს და მეუბნებოდნენ, კარგი ანალიზები გაქვსო. ძალიან კარგად მივლიდნენ, ექთნები საოცრებებს აკეთებდნენ. შიში არ მქონია. ჟანგბადი არ დამჭირვებია. ცოტა სიარული მიჭირს, მაგრამ მასწავლეს, რომ ბევრი უნდა ვიარო.

ავტორი: თამარ გონგაძე

X