14:08 | 2020-03-14 ავტორი: Prime Time

კორონავირუსი რაღაც იმუნიტეტს დატოვებს – თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსი რაღაც იმუნიტეტს დატოვებს – თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები ჩინეთში დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ განაცხადა.

 

„მოკლედ განვმარტავ, რომ ჩინეთში ბოლომდე არ იციან, რეინფიცირება იყო თუ არა. ბოლომდე განკურნებული პაციენტი იყო და რეციდივი მოხდა. იმიტომ რომ იქ, ყველას ტესტირებას ვერ უკეთებდნენ. ორი თანმიმდევრული გამოკვლევის პასუხი უნდა იყოს უარყოფითი და მხოლოდ მერე ვამბობთ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში ძალიან ბევრი კლინიკურად რომ გამოჯანმრთელდა გაწერეს. ამიტომ არ ვიცით, შეიძლება ის დარჩა ვირუსის მატარებელი და მოხდა რეციდივი. ან შეიძლება რეინფიცირებაც მოხდა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში პაციენტს სავარაუდოდ ისეთივე იმუნიტეტი გამოუმუშავდება, როგორიც გრიპის დროს.

„ვარაუდობენ, გამომდინარე კორონავირუსის სპეციფიკიდან , რომ ის რაღაც იმუნიტეტს დატოვებს. სულ ისე, რომ კორონავირუს გადატანილ პაციენტს იმუნიტეტი არ ჰქონდეს არ იქნება, მაგრამ ეს იმუნიტეტი არ იქნება მყარი, იქნება ნაწილობრივი. მყარ იმუნიტეტს იძლევა წითელა, მაგალითად. ერთხელ დაგემართება და მერე ძალიანაც რომ მოინდომო ვერ დაიმართებ. აი გრიპი, მაგალითად, იძლევა ნაწილობრივ იმუნიტეტს. ის შეიძლება გადაიტანო და მერე კიდევ მეორედ დაგემართოს, მაგრამ მეორედ რომ დაგემართება, დიდი ალბათობით მსუბუქად დაგემართება. გრიპის იმუნიტეტი იცავს ადამიანს არა 100%-ით, არამედ 60%-ით. ასეთს ველით კორონავირუსისგან“,- განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 30-ია.

ავტორი: Prime Time

X