14:02 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, ერთი იმერეთში, ერთი კი მარნეულში დაფიქსირდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, ერთი იმერეთში, ერთი კი მარნეულში დაფიქსირდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, ერთი იმერეთში დაფიქსირდა. პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით, საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაიყვანილი.

 

ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე ამბობს, რომ პაციენტი თერჯოლის მკვიდრია, ის გვიან ღამით ქუთაისიდან შეიყვანეს და საჭირო მკურნალობას გადის. საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ამ დროისთვის, Covid19 – ზე სულ 4 პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი სამის მდგომარეობა, დირექტორის თქმით, დამაკმაყოფილებელია და რაიმე გართულებას ადგილი არ აქვს.

 

ხოლო, შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდანაა. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში მოათავსეს. სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება მის მიერ საზღვრის კვეთას, თუმცა მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

22 მარტს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

 

ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი.

 

21 მარტს პრემიერმა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.

 

მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ავტორი: Prime Time

X