
კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო, მომდევნო კვირიდან ინგლისში მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.
ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში ნებისმიერი შემსვლელისთვის, PCR-ტესტის ჩატარება სავალდებულო იქნება და ყველა, ვისაც ახალი შტამით ინფიცირებულთან კონტაქტი დაუდგინდება, თვითიზოლაციაში გადავა, თუნდაც კოვიდვაქცინის ორივე დოზით იყოს აცრილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ეს ზომები „დროებითი და პრევენციული“ იქნება.
„როგორც ჩანს, „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება და შეიძლება, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შორისაც იყოს“, – განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთსა და გერმანიაში.
ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები
რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად






















