
„კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელიც ვირუსის აღმოფხვრამდე არ შეიცვლება“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამ დღეში უკვე 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა.
„24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ.
მე მინდა, ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან”, – განაცხადა წულუკიანმა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
ასევე, დაგაინტერესებთ:























