
ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობს და ოჯახის წევრებთან ერთად აგარაკზეა.
როგორ ატარებს თვითიზოლაციის დღეებს და რა საფრთხეს უქმნის გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებს კორონავირუსი, ამის შესახებ ანზორ მელია „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
– ცნობილია, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პირებისთვის, რატომ?
– რა თქმა უნდა, გულსისხლძარღვთა დაავადების დროს ვითარდება ფილტვების უკმარისობა. ეს ვირუსი კი ფილტვებს აზიანებს და ამიტომაც არის განსაკუთრებით საშიში.
აუცილებელია სოციალური დისტანცირება, მეც მორწმუნე ვარ, მამა სოკრატე მყავდა და დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა როცა ასეთი საშიშრებაა და რომის პაპი მარტო ატარებს წირვას ქართველები რითი ვართ უკეთესები? მოვითმინოთ ეს აღდგომის დღეები, დავრჩეთ სახლში და არ შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელებას.
ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ აღდგომის მერე თუ გავრცელდა ეს ვირუსი სახელწიფო და ექიმები ვერ მოერევა. ინტერნეტით ვუყურებ კლინიკის მუშაობას, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მხოლოდ ექიმების მუშაობა არაა საკმარისი, საზოგადოების ყველა წევრი სახელმწიფოს გვერდით უნდა დავუდგეთ.
– როგორ აფასებთ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზომებს ვირუსთან ბრძოლაში?
– ჩემთვის მისაღებია, დროულად ჩაიკეტა მარნეული, ვანი. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროც კარგად მუშაობს. სამინისტრომ მაქსიმალურად შეამცირა კლინიკების დავალიანებები. ამან კი, იმ საშუალებების მარაგის შეძენის საშუალება მოგვცა, რაც აუცილებელია ეპიდემიასთან ბრძოლისთვის.
– რას ურჩევთ გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებს, კორონავირუსს როგორ აარიდონ თავი?
– ვისაც ქრონიკული დაავადებები, წნევა, გულის უკმარისობა, ინფარქტი და მანკი აქვს, არავითარ შემთხვევაში არ გავიდეს გარეთ.
70 წელს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანი არის თანხმლები დაავადების მატარებელი, ამიტომ თუ ეს ვირუსიც დაემართებათ საფრთხის ქვეშ დადგება მათი მდგომარეობა. კორონავირუსის შედეგად, საშინელება ხდება ფილტვებში.
გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს ფილტვებს არ მიეწოდება ჟანგბადი და შოკირება ხდება. ყველას აქვს ჩემი ნომერი და ნებისმიერ პაციენტს, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს შეუძლია დამირეკოს.
ვისაც დანიშნული აქვს მკურნალობა და ახლა გასდის დრო, გააგრძელონ დანიშნულების მიღება. ჩემი ახლობელი დაიღუპა, მაგრამ არ წავედი დაკრძალვაზე, იმიტომ რომ მე თუ დამემართება კორონავირუსი, 10 ადამიანს გადავცემ და რატომ უნდა გავაკეთო ეს? ახლა სახლში ჯდომა რთული არ არის, ინტერნეტია, ტელევიზია…
– კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს, კორონავირუსის რისკის ჯგუფში შედიან მწეველებიც, რატომ?
– მაღალი რისკის ქვეშ არიან მწეველები. კარდიოქირურგიულ ოპერაციებს ვაკეთებთ და მათ ვინც დიდი რაოდენობით სიგარეტს ეწევა მართვითი სუნთქვიდან მოხსნა უჭირთ. რატომ იკლავენ თავს ადამიანები არ ვიცი, სიგარეტში ნიკოტინი საერთოდ არაა, 4000 მომწამვლელი ნივთიერებაა.






















