
18:03 | 2020-09-14
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ხულოში! – ინფიცირებული რესურსცენტრის თანამშრომელია

ხულოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული რესურსცენტრის თანამშრომელია. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, მაღალმთიან აჭარაშიც სწავლა გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. 15 სექტემბრიდან დისტანციური სწავლება დაიწყება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
„საგულისხმოა, რომ ჩვენ დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირება მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რესურსცენტრში. შესაბამისად, დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, ხელვაჩაური, ბათუმი და ქობულეთი, სწავლა მაღალმთიან აჭარაშიც გადაიდება. ხულოში, შუახევსა და ქედაში. დისტანციური სწავლება ხვალიდან 15 სექტემბრიდან დაიწყება.
განათლების სამინისტრო მუშაობს და მათ აქვთ დავალებული მოიყვანონ მზადყოფნაში როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები სკოლებში. სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში ერთიანად სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რიმ როგორც ტელესკოლის, ასევე დისტანციური სწავლების ნაწილში ყველა მშობელს და მათ შვილებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. მათ სამინისტრომ უკვე მიაწოდა შესაბამისი წიგნები, ბუქები პურველი კლასელებისთვის. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული ვითარების ეფექტურად მართვა, ისევე როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.























