
კორონავირუსის სამი ვაქცინა ტესტირების საბოლოო ფაზაზე გადავიდა. ზაფხულის განმავლობაში აშშ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინების კვლევის მესამე ფაზას დააფინანსებს. ინფორმაციას futurism-ი ავრცელებს.
დაფინანსება ვაქცინის შემქმნელ სამ კანდიდანტს ერგო, აქედან თითოეული მათგანი საკუთარ ვაქცინას დაახლოებით 30 ათას მონაწილეზე გამოცდის. მონაწილეების ნახევარი ვაქცინას მიიღებს, ნახევარი კი პლაცებოს. Moderna-ს ვაქცინა გამოცდის მესამე ფაზას ივლისში დაიწყებს, მოგვიანებით კი იმავე პროცესს გაივლიან AstraZeneca და Johnson & Johnson.
„ჩვენს საზოგადოებაში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულებაა. თუმცა, ჩვენ მთლიანად ცდების შედეგებზე ვართ ფოკუსერებულები“,-აცხადებს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ვაქცინის მკვლევარი, ჯონ მასკოლა.
სანამ ვაქცინა საბოლოო დამტკიცებამდე მივა და გამოყენებაში გაეშვება, მანამდე კლინიკური კვლევის რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს:
ფაზა 0 სწავლობს იმას, თუ რამდენად კარგად ამუშავებს ორგანიზმი მიღებულ მედიკამეტს.
პირველი ფაზა საშიში გვერდითი მოვლენებისა და სხვა უსაფრთხოების ნორმების იდენტიფიცირებას ახდენს.
რაც შეეხება მეორე ფაზას ის ადგენს იმას, თუ რამდენად შეუძლია ვაქცინას თავისი დანიშნულების შესრულება.
მესამე ფაზა კი ვაქცინის ან მედიკამენტის ფართო მასშტაბით ტესტირებასა და მათ პლაცებოსთან შედარებას გულისხმობს.
ძალიან ბევრი მედიკამენტი ან ვაქცინა ამ საბოლოო ფაზამდე ვერც კი აღწევს. თუმცა, ის ფაქტი, რომ COVID-19-ის რამდენიმე პოტენციურმა ვაქცინამ ამ ეტაპამდე მოაღწია, ნამდვილად იმედის მომცემია.























