
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 24-ე პაციენტი 19 წლის მამაკაცია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია ბოლო პაციენტის შესახებ ინფორმაცია, თუმცა განმარტა, რომ მას შემხებლობა ჰქონდა იტალიაში მყოფ ჯგუფთან, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუფიქსირდათ. ამის გამო, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომები 1 კვირის შემდეგ გამოუვლინდა.
„ბოლო პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჰქონდა წინა დღეებში ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, ამ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ მსუბუქი ფორმით. იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მას ჰქონდა შემხებლობა ჯგუფთან, რომელიც იმყოფებოდა იტალიაში და რომლის არაერთი წევრი ჩვენთან გადის მკურნალობას. მათ ჩამოსვლის დღიდან მალე გამოუვლინდათ სიმპტომები და ჩვენთან მოთავსდნენ, მათ ჰქონდათ კონტაქტი ამ პიროვნებასთან და დაახლოებით 1 კვირის შემდეგ მასაც გამოუვლინდა სიმპტომები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. მსოფლიოს მასშტაბით კი COVID-19-ის შემთხვევებმა 126 ათასს მიაღწია.






















